02 დეკემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ირინა სარიშვილის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს მისი შვილიც დააკავეს

ირინა სარიშვილის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს მისი შვილიც დააკავეს. სარიშვილის თქმით, შვილის დაკავების კადრები პირდაპირ ეთერში ნახა.

"დილით რომ ველაპარაკე, ჭავჭავაძეზე ვართო უკვე დარბეულები, სველები. ღამე იყო რუსთაველზე, შემდეგ წამოვიდნენ ჭავჭავაძეზე, ჭავჭავაძე დაკეტეს და ამის შემდეგ თამარაშვილზე იყვნენ. შეიძლება დევნიდნენ და ასე გადაადგილდებოდნენ. იქ ბევრი ხალხი იყო და როგორც იქ გამოაცხადეს, ერთი ადამიანი დააკავეს კონკრეტულად იმ ადგილას. ბევრი ერთად ტენიდა მანქანაში, რაც ვნახე ჩემი თვალით. მერე ვიღაცამ მომწერა, ურტყესო. ვიღაცამ შეიძლება მეტი ნახა, მაგდენი მე აღარ მინახავს", - აღნიშნა ირინა სარიშვილმა.

ცნობისთვის, დილით, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკში მსვლელობით გადაინაცვლეს. ვაკის პარკთან დაკავებას წინ უძღოდა დემონსტრანტების მხრიდან ბარიკადების აღმართვა. ადგილზე სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. დაკავებულებს შორის იყო "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც უკვე გაათავისუფლეს.

დღის ამბები