04 დეკემბერი 2024,   23:18
ვრცლად
როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციის მე-6 დღე პარლამენტთან - საპროტესტო გამოსვლა რუსთაველზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

პიროტექნიკა და ცეცხლწაკიდებული ბარიკადები - დემონსტრანტების მთავარი იარაღი სპეცრაზმის წინააღმდეგ პროტესტის მე-6 ღამესაც იგივე დარჩა. აქციის მონაწილეებმა ამჯერადაც გამოიყენეს ყველაფერი რაც ხელში მოხვდათ, ნაწილი სამართალდამცველებს ესროლეს, ნაწილს კი ცეცხლი წაუკიდეს.

წინა 5 ღამის მსგავსად, პარლამენტთან შეკრება გუშინაც საღამოს 7 საათზე დაიწყო. ტრადიციულად, აქციის აგრესიულმა ჯგუფებმა პარლამენტზე შეტევა მალევე დაიწყეს. აბრახუნებდნენ ჯებირებზე, ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და ცეცხლმოკიდებულ საგნებს.

არეულობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განცხადება გაკეთდა შსს-ში. მინისტრის მოადგილემ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ვითარება ღამის ათი საათისთვის დაიძაბა. დემონსტრანტები სამართალდამცველების მიმართებით გაურკვეველი სითხით სავსე ბოთლებით, აალებად ნივთიერებებს ისროდნენ. შედეგად გზის საფარზე ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა.

პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას სპეციალური საპოლიციო ძალების გამოყენება მოჰყვა - შეკრებილების დაშლა სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით და ე.წ. გაზის კაფსულებით სცადეს, რასაც წინ ტრადიციულად სპეციალური გაფრთხილება უძღოდა.

სპეცრაზმის გამოჩენის პარალელურად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია დატოვეს და თბილისი “მერიოტთან“ გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩნენ. აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს. ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ ამ ტერიტორიიდან ესროდნენ სამართალდამცველებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ცეცხლმოკიდებულ საგანს. დემონსტრანტები იყენებდნენ კუსტარულად დამზადებულ ფარებსაც.

ისევ გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი და დაიწყო შეკრებილების მორიგი დაშლა. სპეცრაზმმა ამჯერადაც წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

წინა ღამეებისგან განსხვავებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი აგრესიას ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავდა, რის გამოც დაშავდა საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა.

გაფრინდაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხელის დაზიანებით კლინიკაში გადაყვანა. საპროტესტო აქციაზე დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას“ ოპერატორიც. არსებული ინფორმაციით, თედო ქვაჩახიას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსთაველის გამზირზე დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი და აქციის მონაწილეც.

პროტესტის მეექვსე ღამესაც არ ჩაუვლია დაკავებების გარეშე. დემონსტრანტების აყვანა ეტაპობრივად ხდებოდა. აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის თეატრთან დააკავეს.

დემონსტრანტებმა ეტაპობრივად ჯერ რუსთაველის მეტროსკენ, შემდეგ კოსტავას ქუჩასა და გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. შემდეგ მივიდნენ დედაქალაქის მერიასთან, გაიარეს ვაჟა-ფშაველას გამზირი და მეტრო დელისთან, დილის 6 საათზე დაიშალნენ. გზადაგზა ტრადიციულად ბარიკადებს აგებდნენ და ქუჩებს ნაგვის ურნებით ხერგავდნენ.

სამართალდამცველებმა კი რუსთაველის გამზირი ღამის დაახლოებით 4 საათისთვის დატოვეს. მალევე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და დედაქალაქის მთავარი გამზირის სპეციალური ტექნიკის საშუალებით მოწესრიგება დაიწყეს.

პარლამენტის შენობას კი ახალი დაზიანებები შეემატა - კედლებზე წარწერები საღებავით, ჩამსხვრეული ფანჯრები და დაზიანებული ქუჩის ინფრასტრუქტურა. აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

დღის ამბები