არჩევნების მთავარი დამკვირვებელი მისიის ეუთოს მორიგი გზავნილი თბილისს. სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს გაითვალისწინონ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში. ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად ყველა მხარეს მიმართავს კონსტრუქციული და ღია დიალოგისკენ. ლუიშ გრასის განცხადების მიხედვით, ეუთო ასევე მზადაა დაეხმაროს პროცესს, რომელიც პარლამენტში მათი რეკომენდაციების შესასრულებლად უნდა წარიმართოს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს. ირაკლი კობახიძის თქმით, სპეკულაციებისთვის საფუძველი არ რჩება და ამას ეუთო/ოდირის განცხადებებიც ადასტურებს.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი თუ ეუთო/ოდირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება ოპოზიციისთვის არჩევნების ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის დამოკიდებულების მიღმა კონკრეტულ მიზანს ხედავენ. ამბობენ, რომ ეუთო ოდირის განცხადებების უგულვებელყოფით პოლიტიკური ძალები საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში არჩევნების მეორე დღესვე გამოაქვეყნა, საბოლოო დასკვნა კი ცნობილი მოგვიანებით გახდება.