მისასალმებელია ასეთი დამოკიდებულებები. გახსოვთ, თქვენმა კოლეგამ მკითხა, თქვენი ექსკლუზივი რომ გამოიყვანეთ ტრამპის გამარჯვება, რატომ გიხარიათო? ამიტომ გვიხარია. აგერ, პასუხი რამდენიმე დღეში მისივე [ტრამპის] გუნდის წარმომადგენლების განცხადებებში, ისეთი ადამიანების განცხადებებში, რომლებიც თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ამინდ ქმნიან თავისი განცხადებებით. მათ შორის, დემოკრატიულ საწყისებთან მიმართებით, მათ შორის, კონსერვატიულ, სწორ, ტრადიციულ ღირებულებებთან მიმართებით, ტექნოლოგიებთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო გუნდის ლიდერმა, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად წარდგენილი ვივეკ რამასვამის და ილონ მასკის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის ილონ მასკი ტრადიციის და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია და მისი განცხადებები ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე კონკრეტული ბიუროკრატების. ამასთან, მისივე განცხადებით, მისასალმებელია, რომ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნებისთვის“ ორ პრინციპულ საკითხზე - ოჯახურ, ტრადიციულ ღირებულებებსა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე.
„ჩემი პირადი ემოციაა, მაგალითად, ჩემთვის მასკი ასოცირდება კონსერვატიზმთან, ტრადიციასთან და თანამედროვეობის ყველაზე მყარ, უნიკალურ სინთეზთან - პირადად ასეთი დამოკიდებულება მაქვს, შესაბამისად, მისი განცხადება ბევრად ფასეულია, ვიდრე, დავუშვათ, ვიღაც კუბილიუსის. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ჩვენ ორ რაღაცაზე გვქონდა მთავარი ღერძი ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებისა: ეს იყო, ერთი - ოჯახური, ტრადიციული ღირებულებები და მეორე - ეს იყო გამჭვირვალობა. ერთზეც და მეორეზეც, როგორც კი [საქართველოს საპარლამენტო] არჩევნების შედეგი დაიდო, მეორე დღესვე, რამდენიმე ჩვენმა ევროპელმა კოლეგამ ამაზე დაიწყო ლაპარაკი და პირდაპირ მიგვითითეს განცხადებებში, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ გააუქმეთ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი გააუქმეთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, პრაქტიკულად, აღარც მალავდნენ და აღარც მალავდნენ. და როგორ არ გაგვიხარდეს, როდესაც აშშ-ის უკვე 20 იანვრიდან მოქმედი ადმინისტრაცია, მისი გარემოცვა, ლაპარაკობს ერთზეც და მეორეზეც პოზიტიურ კონტექსტში, ისევე როგორც ჩვენ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მმართველ პარტიას ევროკავშირსა და აშშ-სთან ბრძოლაში სდებდნენ ბრალს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის ცალკეულ ბიუროკრატებს ზემოთ აღნიშნულ საკითხებში. მდინარაძემ ასევე დაადასტურა სწორედ ისეთ ევროპასა და ამერიკასთან მეგობრობის და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი, რომელიც მოიწონებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას სკოლებში.
„ტრადიციული ღირებულებების დაცვა რომ ამხელა ზესახელმწიფოდან მესიჯის სახით მოდის უკვე, არ არის გასახარი? დიდი ბოდიში, ბაიდენის ადმინისტრაციიდან პირიქით ვინც ფიქრობდა, თუ გავაკრიტიკეთ - ამიტომ გვამუნათებდნენ სულ, თითქოს დასავლეთს, აშშ-სა და ევროკავშირს ვებრძოდით. არა, ჩვენ ასეთი ევროპა გვინდა, ასეთ ამერიკასთან მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა გვინდა, რომელიც კი არ გვამუნათებს და გვეჭიდავება მისი რომელიმე ბიუროკრატი იმის გამო, რომ სკოლაში არ ვუშვებთ ლგბტ პროპაგანდას, არამედ, პირიქით - მოგვიწონებს ამ საქციელს და იმავე აზრზე იქნება. ეს არის განსაკუთრებით როცა ევროპაზე ვლაპარაკობთ, ჩვენთვის ყველაზე ფასეული, ღირებული. ამიტომ ვლაპარაკობთ: ღირსებით ევროპაში,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ვივეკ რამასვამი, X-ზე გამოეხმაურა NED-ის საქართველოსა და სირიაში საქმიანობასთან დაკავშირებით დაწერილ პოსტს და აღნიშნა: "უნდა შევამოწმოთ აშშ-ის მთავრობის დაფინანსება „არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“, ამერიკელები იმსახურებენ გაუმჭვირვალე უცხოური დახმარებისა და არაკომერციული ჯგუფების გამჭვირვალობას." ამავე მოსაზრებას დაეთანხმა ილონ მასკიც.