"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ბრალდებულის სკამიდან 2 დეკემბერს მომხდარი ინციდენტი ალი ბაბაევის პროვოცირებულ ფაქტად შეაფასა. მისი მტკიცებით, ქუჩაში მისი მისამართით უცენზურო გამონათქვამი გაიგონა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ელისაშვილის ადვოკატი სხდომაზე დაკავებულის 3 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილებას დარბაზში, სადაც ოპოზიციის ლიდერებიც ისხდნენ, ხმაური მოჰყვა.
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილის პატიმრობის შუამდგომლობა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებით დაასაბუთა.
გამოძიების ინფორმაციით, 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, "ქართული ოცნების" წევრ ალი ბაბაევზე ალეკო ელისაშვილმა პოლიტიკური დევნის მიზნით იძალადა. ინციდენტის ამსახველ კადრებში დაპირისპირება ჩანს. ბაბაევს ელისაშვილი რამდენჯერმე ხელით ეხება. კადრების მიხედვით, დაპირისპირების დროს, ბაბაევი ელისაშვილისთვის გარკვეული საგნის დარტყმასაც ცდილობს. დაზარალებულმა მომხდარის დეტალებზე დღეს პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.
ბრალდებული პოლიტიკოსი და მისი ადვოკატი ჯერ კიდევ სასამართლო სხდომამდე ელისაშვილის დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ადვოკატის ინფორმაციით, ელისაშვილს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გუშინ, გვიან ღამით, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის საქმის არსებითი განხილვა 23 იანვარს იწყება. ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურ სასჯელად, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.