ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პარტია “ახალის“ ლიდერს მოსამართლემ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნიკა გვარამია მტკიცებულებების გადამოწმებისა და მოპოვების მიზნით პროცესის გადადებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ დაცვის მხარეს პოზიციების გასამყარებლად საკმარისი დრო ჰქონდა.
სატელევიზიო კადრებში, რომელიც პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა, ჩანს, რომ სამართალდამცველებსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი შარაშიძის ქუჩაზე, პარტია "დროას" ოფისში შესვლას ცდილობდა. ოფისში ამ დროს პოლიცია ჩხრეკას ატარებდა. კამათის შემდეგ ნიკა გვარამიას დაკავება სამართალდამცველისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეების განხილვა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი რამდენიმე პირი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ნაწილს კი 4-დან 7 დღემდე პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა საბა სხვიტარიძეც, რომელიც თავისუფლების მოედანზე სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
სასამართლომ გაფრთხილებით გაათავისუფლა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც “პარტია ახალის“ წარმომადგენელია. 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს საბა ბირკაიას. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.
პროკურატურამ დღეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წარუდგინა 18 წლის მამაკაცსაც, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ კადრებში, რუსთაველის გამზირზე დანით გადაადგილდება, მანამდე კი ფიზიკურ დაპირისპირებაში შედის სამართალდამცველთან. დაკავებულის თხოვნით, ადვოკატი საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
პროკურატურამ სამი ბრალდებულის საქმეზე დღეს ვიდეომასალაც გაავრცელა. საგამოძიებო ორგანოში ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს მიზანმიმართულად ესვრის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს. პროკურატურის ინფორმაციით, კიდევ ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცველს ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. გამოძიებამ ასევე ბრალი წარუდგინა მზიურის პარკში ვიდეო სამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის დაკავცებულ მამაკაცსაც. დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის დადგენილებები გააცნეს, რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ლოკაციებზე დაკავებულ პირებსაც. მათი ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.