"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო 2 დღეში ოფისებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი უკანონო ნივთები შემთხვევის ადგილებზე პოლიციამ თავად შეიტანა.
ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი "დიქტატურისთვის არის დამახასიათებელი".
"გასაგებია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ყველას სახლში და ყველას ოფისში აღმოჩნდა და აღმოჩნდება უკანონო ნივთები - ეს არის დიქტატურისთვის დამახასიათებელი. ის, რაც ხდება, არანაირ სამართალსა და კანონიერებაში არ ზის. აბსოლუტურად ყველა უკანონო ნივთი შემთხვევის ადგილებში, ამ ე.წ. პოლიციის მიერ არის შეტანილი", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში, კრიმინალური პოლიცია ოფისებსა და ბინებში ჩხრეკას აწარმოებდა. საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას ეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: რამდენიმე ათეული ცეცხლსასროლი იარაღი, დიდი ოდენობით თანხა, ჩაფხუტები, აირწინაღები, პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები და სხვადასხვა სახის ხსნარი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე