26 დეკემბერი 2024,   13:50
ვრცლად
"გვეცოდებიან დაკავებული ახალგაზრდები, შეუძლებელია 19-20 წლის ბიჭი არ შეგეცოდოს, მაგრამ თუ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ცალმხრივად კი არ უნდა დავგმოთ, ობიექტურები უნდა ვიყოთ" - მამუკა მდინარაძე

"შეუძლებელია 19-20 წლის ბიჭი არ შეგეცოდოს. ადამიანი არ უნდა იყო, რომ პატიმრობა გიხაროდეს ვიღაცის, მთლად ბრეივიკი თუ არ არის. მაგრამ ის თუ გეცოდება, 19-20 წლის სპეცრაზმელიც არის და შურდულით რომ თავს უტეხავენ, ისინიც გვეცოდებიან," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ძალადობის დაგმობის დროს აუცილებელია ობიექტურობის დაცვა.

"რეალურად გვეცოდებიან დაკავებული ახალგაზრდები, შეუძლებელია 19-20 წლის ბიჭი არ შეგეცოდოს. ადამიანი არ უნდა იყო, რომ პატიმრობა გიხაროდეს ვიღაცის, მთლად ბრეივიკი თუ არ არის. მაგრამ ის თუ გეცოდება, 19-20 წლის სპეცრაზმელიც არის და შურდულით რომ თავს უტეხავენ, ისინიც გვეცოდებიან. ცალმხრივი შეცოდების ტაქტიკა რა არის, მე ვერ ვხვდები. დიახ, ახალგაზრდა ადამიანს რომ ვხედავ საბრალდებო სკამზე, მეც მეცოდება. მხოლოდ ჩემი წარსული პროფესიის გამო კი არა, ადამიანურად მეცოდება, მაგრამ ეს ახალგაზრდა ადგა და ამბოხების უფლება გვაქვსო, გააგრძელა ის ნარატივი, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. თუ ვგმობთ ჩვენ ძალადობას, ცალმხრივად კი არ უნდა დავგმოთ, ცოტა ობიექტურები უნდა ვიყოთ.

არც მე მომეწონა და ერთი წამით უკან არ დამიხევია ჟურნალისტზე ძალადობა. დიახ, მეც დავგმე და პირველივე წამებში, როდესაც ეს ამბავი გავიგე, დავდექი ტრიბუნასთან და გავკიცხე კიდეც. ფეხბურთის ილეთის სტილში ადამიანის ცემა ფეხით, წაქცეულის, რაც არ უნდა დაშავებული ჰქონდეს ხუთი წუთით ადრე, არის წარმოუდგენელი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები