ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კობა ხაბაზმა, რომელსაც "ახლების" ოფისთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ინგოროყვას კლინიკა უკვე დატოვა.
როგორც მან მედიასთან თქვა, დაზიანება აქვს მიყენებული ცხვირის, ყვრიმალისა და თავის არეში.
"მაქვს ცხვირის ძვლის გატეხილობა, ყვრიმალის მოტეხილობა და თავზე ორი ჭრილობა. თავზე დამადეს ნაკერები, მთხოვდნენ დარჩენას, მაგრამ ჩემი სული და გული არის იმ მომიტინგეებთან, რომლებიც დგანან გარეთ.
რაც შეეხება თავად ფაქტს, გამოვედი ლიფტიდან, ბევრი, 50-მდე ადამიანი იყო, შავ ტანსაცმელში ჩაცმული, ნიღბებით. მე ჩავთვალე, ჩხრეკაზე ადიოდნენ, ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ, როგორც კი ერთ ადამიანს გავცდი, უკნიდან მომხვდა რაღაც, შემდეგ კიბეებზე დავგორდი და დაახლოებით 10-15 წუთი ძირს დაგდებულს ფეხებით მირტყამდნენ. ერთადერთი, თავი დავიფარე ხელებით, გამიზნულად მირტყამდნენ თავის არეში. მე ვვარაუდობდი, რომ ვინმე ცნობად სახეს ელოდებოდნენ, რომ დაშინების ეფექტი გამოეწვიათ ამით", - განაცხადა კობა ხაბაზმა.