14 დეკემბერი 2024,   16:37
ვრცლად
რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების გაყიდვა აკრძალა - მედია

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ტურისტულ სააგენტოებს, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების გაყიდვა აუკრძალა.

მედია, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს, რომ აკრძალვა იმ დროიდან მოქმედებს, როდესაც აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. არტურ მურადიანის თქმითვე, ახლო მომავალში მისი გაუქმება არ იგეგმება.

"ვიდრე აფხაზები იმ ნორმების დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან, რომელსაც მათი პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა, აფხაზეთის ბიზნესთან საგანმანათლებლო სამუშაო ჩატარდება - ისინი რუსეთიდან დაკარგავენ ტურისტულ ნაკადს, რაც რესპუბლიკის შემოსავლის ძირითადი წყაროა“, - თქვა მურადიანმა.

მისივე განცხადებით, აკრძალვის მოხსნა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც აფხაზეთში "გარკვეული სტაბილიზაცია" მიიღწევა.

ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა ნოემბერში  დაიწყო. ე.წ. ოპოზიციასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი რუსეთთან შეთანხმების გაფორმება გახდა, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების შეღავათებით განხორციელების საშუალებას აძლევს, რასაც ადგილობრივი კომპანიები მოკლებული არიან.

დღის ამბები