უამინდობის გამო, შავ ზღვაში, ორი რუსული სატვირთო გემი, რომლებსაც ნავთობი გადაჰქონდათ ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან მოხდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ერთ-ერთი გემი სახელწოდებით "ვოლგონეფტ 212-ი" ფსკერს შეეჯახა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა და ეკიპაჟმა დახმარება ითხოვა. მედიის ცნობით, ეკიპაჟის 13 წევრი სამაშველო ვერტმფრენით გადაარჩინეს. ამასთან, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.
რაც შეეხება მეორე გემს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ინფორმაციით, "ვოლგონეფტი 239-ი", იმავე რეგიონში დაზიანდა და კურსი შეიცვალა. მასზე 14 ადამიანი იმყოფებოდა.
სატვირთო ტანკერების შეჯახების შედეგად, ერთი გემი ჩაიძირა.
"ოპერატიული შტაბი მუშაობს. შედეგების აღმოფხვრაში უკვე ჩართულია 50-ზე მეტი სპეციალისტი და 11 ერთეული ტექნიკა. დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სამინისტრომ დასძინა, რომ ნავთობის შესაძლო დაღვრის მასშტაბები ფასდება. სოციალურ ქსელში სატვირთო გემების შეჯახების კადრებიც გავრცელდა.