ბრიუსელში გამართულ მინისტერიალს თბილისში ეხმაურებიან. მმართველი პარტიის შეფასებით, საგარეო საქმეთა საბჭოზე რეალურად გამოჩნდა - ევროკავშირის რომელი სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად . "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტომ და ცალკეული ქვეყნების განსხვავებულმა პოზიციებმა საქართველოში, ოპოზიციის ლუსტრაციაც მოახდინა.
კონსენსუსი არ არის. გადაწყვეტილება, რომლითაც ბრიუსელის გადაწყვეტილება დაიბლოკა, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო. ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების წინადადებას ბუდაპეშტისა და ბრატისლავას წინააღმდეგობა მოჰყვა. საქართველოს მისამართით ევროკავშირის პოლიტიკა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდაც გააკრიტიკა.
რუსეთის ხელისუფლების მოკავშირეებს უწოდებენ ევროკავშირის წევრ უნგრეთს და სლოვაკეთს ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა არა მხოლოდ ისინი. მიხაილ როთი ამ ორ ქვეყანას ევროკავშირში რუსეთის მარიონეტებს უწოდებს. ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველად არ ხდება, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ავტორიტარული რეჟიმების კეთილგანწყობა მოიპოვეს. სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსი წერს, რომ მოქმედების დროა. მოქმედებას ხელისუფლების ოპონენტებიც ელოდებიან და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია უნგრეთსა და სლოვაკეთს მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებს, რომ მათ მიზანს - საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესებულიყო, ხელი შეუშალეს. დღეს ამ საკითხს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ კიდევ უფრო ფართოა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მხრიდან ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმაზეც გაამახვილა ყურადღება
საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც ესაუბრა. რობერტ ფიცომ ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო კომუნიკაციისას განაცხადა, რომ სანქციების დაწესება წითელი ხაზია და ქვეყანაში არსებული ვითარება ობიექტურად უნდა შეფასდეს. დღის ბოლოს ამ საკითხს უნგრეთის მთავრობის სპიკერიც გამოეხმაურა. უფრო კონკრეტულად კი იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ უნგრეთსა და სლოვაკეთთან ერთად ქართველი ხალხის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს. ზოლტან კოვაჩმა დაწერა, რომ ლიბერალების ისტერიის მიუხედავად უნგრეთი ქართველი ხალხის ნების გვერდით დგას.