18 დეკემბერი 2024,   03:00
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას 20 იანვრამდე საერთო სახალხო რევოლუციის მოწყობისკენ მოუწოდებს - ექსპრეზიდენტი ახალგაზრდების პროტესტის ფორმებს აკრიტიკებს

კლინიკა "ვივამედის" პაციენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქალაქო სასამართლოს საბრალდებო სკამი, კვლავ პოლიტიკურ ტრიბუნად აქცია და ამჯერად, რევოლუციური მოქმედებების მოწოდებით გამოვიდა. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა აქციებზე დემონსტრანტებს ბურთის თამაში დაუწუნა და საერთო სახალხო რევოლუციის აუცილებლობაზე ისაუბრა. გადამწყვეტ თარიღად სააკაშვილი 20 იანვარს - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს ასახელებს.

სააკაშვილის მოწოდებამ გახარიას წამოსცდება გაახსენა მმართველ გუნდს. ყოფილი პრემიერი ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ოპოზიციის გეგმების მოსწრებაზე საუბრობდა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, ოპოზიციის რეალური ზრახვები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

პოლიტიკური შანსების გაზრდას 20 იანვრამდე ელოდებიან თავად სააკაშვილის პარტიის წევრები, რომლებმაც დღეს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის რევოლუციური მოწოდების გამართლება, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით სცადეს. გიორგი გახარიას პარტიაში კი პირდაპირ თქვეს, რომ სააკაშვილი მშვიდობიანი პროტესტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.

ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია რომ სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების გეგმის მთავარი ნაწილია- ამაში დარწმუნებულები არიან მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ რევოლუციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული.

საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე დისტანციურად ჩართულ მიხეილ სააკაშვილს, ერთ საათიან მიმართვაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს სამართლებრივ ნაწილზე, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა დრო მხოლოდ პოლიტიკურ გზავნილებს და რჩევებს დაუთმო.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები