"ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია და საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღვივებს" - პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს შანტაჟის მორიგ მცდელობას უწოდებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის სავარაუდო სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ადასტურებს, რომ ბიუროკრატების ნაწილს სურვილი კვლავ ქუჩაში საპროტესტო მუხტის გაღვივებაა, თუმცა ამის რესურსი აღარ არსებობს. პრემიერმა დღეს 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მმართველმა ძალამ, ამ ნაბიჯით, 16 დეკემბრისთვის დაგეგმილი მასშტაბური არეულობის პრევენცია მოახდინა, რომელიც, წინასწარი სცენარით იყო გაწერილი და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე უარს უნდა მოჰყოლოდა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ვითარება 20 იანვრის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება.
ევროკავშირისგან სანქციებს და უფრო მეტ სიცხადეს ელოდა ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საუბარი დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე სიმბოლურია და მას გაგრძელება ექნება. ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალებში ამბობენ, რომ ქუჩის საპროტესტო მუხტი არ ჩამცხრალა და ტრამპის ინაუგურაციამდე ლოგიკურ კულმინაციას მიაღწევს.
გარკვეული ევროპელი ბიუროკრატებისა და ოპოზიციის ქმედებები, რომ სინქრონულად ხორციელდებოდა ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკების გახსნაზე 2028 წლამდე უარის თქმამ ოპონენტებსა და მათ უცხოელ ლობისტებს ვითარების ესკალაციის შანსი მოუსპო. პოლიტიკოსების თქმით, ოცნებამ ქვეყანაში გადატრიალების მსურველ ძალებს პოლიტიკური შანტაჟის იარაღი გამოაცალა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მშვიდობიან განვითარებას შეუწყობს ხელს.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელა. სამიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. თუმცა ევროგაერთიანების წევრებმა დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე სავარაუდო სავიზო შეზღუდვები დააანონსეს.