18 დეკემბერი 2024,   02:27
ვრცლად
კაია კალასის გადაწყვეტილება - თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის იყო განკუთვნილი, სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და ქართველ ხალხზე გადანაწილდება

მთავრობის მეთაური საქართველოსა და მისი მოსახლეობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად კაია კალასის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას აფასებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსება სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიაზე გადამისამართდება.

კაია კალასმა განცხადება, გუშინ, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სხვა არაფერი დაუკონკრეტებია, უცნობია ისიც, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი და როგორ მოხდება ფინანსების სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ მიმართვა.

კაია კალასის განცხადებამ, ხელისუფლების ოპონენტების თქმით დაადასტურა, რომ ბრიუსელი იმ ადამიანების გვერდით დგას, ვინც ქვეყანაში პროტესტს გამოხატავს. ბარიერგადალახული ოპოზიცია ამბობს, რომ ევროკავშირის ამ პოზიციით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ევროპა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს. მედიასთან არაფერი უთქვამთ დღეს მესამე სექტორიდან.

საპირისპიროს ფიქრობენ მმართველ გუნდში, სადაც მიიჩნევენ, რომ ბრიუსელი სახელმწიფოს წინააღმდეგ საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს. "ქართულ ოცნებაში" დღეს ისიც თქვეს, რომ ევროკავშირიდან დაფინანსება აქამდე ყოველთვის ქვეყნის ბიუჯეტში ირიცხებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა ისედაც მოსახლეობას ხმარდებოდა.

გუშინ, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საქართველო იყო.

დღის ამბები