18 დეკემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ითხოვს - დებატები ევროკავშირში და ორად გაყოფილი პოზიცია საქართველოზე

ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ითხოვს. დაახლოებით ერთსაათიანი დებატების დროს, სწორედ ევროპულ კავშირს ევროპელი დეპუტატები გადამწყვეტი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამას ერთიანი ფორმაც უნდა ჰქონდეს.

ინდივიდუალური სანქციები და ახალი არჩევნების დანიშვნა - ეს 2 საკითხი ევროპარლამენტარების გამოსვლების დროს მთავარი გზავნილი იყო. საქართველოსთან დაკავშირებული დებატები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ გახსნა.

ის, რაც ევროპარლამენტარების ნაწილისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ახალი არჩვების დანიშვნაში დახმარებაა, მეორე ნაწილისთვის დესტაბილიზაციის მცდელობაა. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ზოგიერთი კოლეგა იმაშიც დაადანაშაულეს, რომ მათ სურთ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლამ უმართავი სახე მიიღოს. კრიტიკა ისმოდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც. ევროპელი დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თანაბარ ურთიერთობებს უნდა ეფუძნებოდეს და სანქციები ზეწოლის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული.

საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წნეხის კიდევ ერთი მცდელობაა სახელისუფლებო პარტიის ლიდერებისთვის ევროპარლამენტში გამართული მორიგი დებატი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომელ ქვეყნებთან ერთად მსჯელობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტში გამართული დებატების შინაარსის და კონტექსტიც სრულად მისაღებია ოპოზიციისთვის. ხელისუფლები ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს საკითხზე ყურადღების გამახვილება ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოვლინებაა.

ევროპელი კოლეგების ნაწილის არაობიექტურობაზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში." მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი მიკერძოებულია და კონკრეტული მხარის ინტერესების გამტარებელია, შესაბამისად, მათი შეფასებებს უინტერესოდ მიიჩნევენ.

მიკერძოება და არაობიექტურობა დასახელდა მთავარი მიზეზად, გასულ კვირასაც, როდესაც ევროპარლამენტშიო დღეს გამომსვლელი დეპუტატების ნაწილს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ შეხვდნენ - 7 ევროპარლამენტარი რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოფებოდა.

დღის ამბები