18 დეკემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ჯეფრი საქსი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს - რა განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და რა შეფასებები მოჰყვა საქართველოსთან დაკავშირებულ ციტატებს თბილისში

ბრალდება ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მისამართით, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა გააჟღერა. ჯეფრი საქსი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასა და კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ტაკერ კარლსონთან 2 საათიან ინტერვიუში, საქსი ამბობს, რომ შტატები საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე პროცესებში ღიად ერევა. ამავე ინტერვიუში პროფესორი შოკისმომგვრელ კატასტროფას უწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობას და აღნიშნავს, რომ ამერიკის 46 პრეზიდენტის ადმინისტრაცია მცდელობის მიუხედავად დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს.

ჯეფრი საქსის ვრცელი ინტერვიუ, ამერიკის ახალი პრეზიდენტის, მომავალი ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ელონ მასკმა, რომელიც 20 იანვრიდან, ტრამპის "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს" უხელმძღვანელებს, მოსაზრება ტვიტერის პირად გვერდზე გააზიარა - სათაურით - "ძალიან საინტერესო ინტერვიუ".

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის პოზიციას, არ იზიარებენ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც, ქვეყნებს მხოლოდ მშვიდობისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდა. მათთვის, არც ილონ მასკის გამოხმაურებაა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადგან ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს, ცალკეული პროფესორის მოსაზრებებით არ ჩამოაყალიბებს.

ჯეფრი საქსის შეფასება და ფაქტი, რომ ელონ მასკმა მისი ინტერვიუ გააზიარა, სახელისუფლებო გუნდისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსა და შტატების ურთიერთობა გადაიტვირთება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამერიკის მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით, პრინციპულად განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამ მიმართულებით, ამერიკის 47-ე პრეზიდენტის პრიორიტეტები მმართველი პარტიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს ემთხვევა, რაც ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო თანამშრომლობისა და მტკიცე პარტნიორობის წინაპირობაა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუ ჩაწერა თემაზე -როგორ იყო ჯო ბაიდენი ყველაზე დესტრუქციული პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში და როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ზიანის გამოსწორება. ჯეფრი საქსი, ამბობს, რომ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს მართებული ინსტინქტი აქვს და სწორად აღიქვამს ვითარებას. მას არ მოსწონს ომი და არც იმ ადამიანებს მისცემს ვაშინგტონის პოლიტიკაში დომინირების საშუალებას ვინც ომითაა დაინტერესებული.

დღის ამბები