18 დეკემბერი 2024,   03:02
ვრცლად
მოსკოვში საცხოვრებელ კორპუსთან, დანაღმული სკუტერი იმ დროს აფეთქდა, როცა რუსი გენერალი სადარბაზოში შედიოდა - საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა

17 დეკემბერი, მოსკოვი, რიაზანის გამზირი - საცხოვრებელ კორპუსთან, დანაღმული სკუტერი დილით ზუსტად იმ დროს ფეთქდება, როცა რუსი გენერალი თანაშემწესთან ერთად სადარბაზოში შედიოდა.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.

მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქეს და მისი სიმძლავრე დაახლოებით 300 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო. სამიზნე კი სწორედ კირილოვი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებების გაცემის გამო, ეჭვმიტანილად გუშინ გამოაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ აფეთქება მათი სპეცოპერაციის შედეგია. წყაროს თანახმად, სამიზნე სწორედ 54 წლის გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი იყო, რომელიც კიევმა სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადა.

იგორ კირილოვი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარებს 2017 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გენერალმა კირილოვმა მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ კიევს კავშირი აქვს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან. გენერალი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ბრიტანეთისგანაც იყო სანქცირებული.

არ დააყოვნა მოსკოვის პასუხმაც. რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხერსონის ოლქი. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. ერთი მოქალაქე დაიღუპა კუპიანსკში. სარაკეტო თავდასხმა იყო ნიკოლაევზეც.

ვითარება კრიტიკულია ფრონტის ხაზზეც, სადაც უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი ანოვკა დაიკავეს და წინ წაიწიეს უკრაინის რვა დასახლებულ პუნქტთან. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ბრძოლის ხაზზე ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები გაიყვანა.

ომის დასრულებისთვის, დონალდ ტრამპი გამოსავალს შეთანხმებაში ხედავს. ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ზელენსკის მშვიდობა სურს და ის მოლაპარაკებისთვის უნდა მოემზადოს. პუტინს კი ტრამპის თქმით, გარიგებაზე წასვლა მოუწევს.

მოხდება თუ არა შეთანხმება და დასრულდება თუ არა 1028 დღის წინ დაწყებული ომი, ეს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებზეა დამოკიდებული.

დღის ამბები