20 დეკემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მხოლოდ 3 შეხვდა - ვინ როგორ აფასებს ალენ ბერსეს ვიზიტს

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ვიზიტის მეორე დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან, ალენ ბერსეს მხოლოდ 3 შეხვდა, ყველა შეხვედრა ინდივიდუალურად წარიმართა და თითო დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. საუბრის მთავარი თემა ყველასთან ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, მიმდინარე საპროტესტო აქციები და ამ აქციებზე განვითარებული მოვლენები იყო. ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დაკავებულებისა და დაშავებულების მდგომარეობა აინტერესებდა. მას პირადად მიაწოდა საკუთარ შემთხვევაზე ინფორმაცია ალეკო ელისაშვილმა. ოპოზიციის გარდა, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დაკავებულ და დაშავებულ პირებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესაუბრნენ.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი პირადად ესაუბრა იმ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც აქციებზე მუშაობის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ ალენ ბერსეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სთხოვეს.

”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს მომხდარ დარღვევებზე, მათ შორის, დაშავებულებთან დაკავშირებით, მოკვლევა კონკრეტულ უწყებებში უკვე დაწყებულია. სახელისუფლებო გუნდში, რომლის ლიდერებსაც ალენ ბერსე ჯერ კიდევ გუშინ შეხვდა, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ. მმართველ პარტიაში დღეს თქვეს, რომ სტუმარს ყველა საჭირო ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დღეს ყველა შეხვდა გვარამია-მელიას კოალიციის გარდა. მოძრაობა "ცვლილებებისთვის" ლიდერებმა შეხვედრის ფორმატი დაიწუნეს და თქვეს, რომ ალენ ბერსე საქართველოში კონტექსტთან შეუსაბამო დღის წესრიგით ჩამოვიდა. კოალიციის წევრები ფიქრობენ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრებმა მთავრობის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოში, ”ქართული ოცნების” არალეგიტიმურად აღიარების საკითხზე ბუნდოვანება გააჩინა. პროცესს განსხვავებულად უყურებს ის ოპოზიცია, რომელიც შეხვედრას დაესწრო - ისინი ამბობენ, რომ ევროსაბჭოს მანდატი მთავრობის აღიარება-არ აღიარების საკითხს არ ითვალისწინებს.

ოპოზიციის მსგავსი განცხადებები არ უკვირს სახელისუფლებო პარტიას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, მათი ოპონენტების ზრახვები - იყოს ქვეყანაში არეულობა, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნასა და მაღალი თანამდებობის პირებს შორის გამართულმა შეხვედრებმა, მთავრობის ლეგიტიმურობის საკითხზე არსებული ეჭვები სრულად გააქარწყლა.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს უკვე მეორე დღეა მართავს. ალენ ბერსე გუშინ პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესა და ომბუდსმენს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციაც.

 

 

დღის ამბები