20 დეკემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ევროპის დედაქალაქში, მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების მიზნით კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ - ბრიუსელში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროპის დედაქალაქში, შობამდე ერთი კვირით ადრე, მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ბრიუსელში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რჩევა და დაპირება ბევრი მიიღო, მოისმინა მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა, ზუსტი გეგმა მისთვის არავის შეუთავაზებია.

დებატების მომხრეა ევროკავშირის მთავარი დიპლომატი. კაია კალასი ფიქრობს, რომ ევროპამ უნდა ისაუბროს, როგორ შეუძლია უკრაინის უფრო მეტად
მხარდაჭერა, ნაადრევად მოლაპარაკებებისკენ ნებისმიერი ბიძგი კი, მისი შეფასებით, უკრაინისთვის ცუდი გარიგება იქნება.

მოლაპარაკებების მომხრეა გერმანია და ლიეტუვა. თუმცა, ფიქრობენ, რომ ამის სურვილი ვლადიმერ პუტინს არ ექნება, რადგან მისი არმია ფრონტზე წინ მიიწევს.

ერთადერთი ლიდერი, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის კონკრეტული რჩევა მისცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ
ლიდერებს დღეს ღიად უთხრა, რომ გეგმა, რომელსაც ადამიანების სიცოხლის გადდარჩენა შეუძლია, მაგიდაზე დევს და მხოლოდ დათანხმებაა საჭირო.

მოლაპარაკებებზე ბევრი არაფერი უთქვამს თავად უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც ბრიუსელში დღეს არაერთი შეხვედრა გამართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს ისევ სამხედრო დახმარება და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან ამ საკითხზე შეთანხმება სთხოვა.

დონალდ ტრამპს რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში მთავარი როლი ექნება, ეს ვლადიმერ პუტინის განცხადებიდანაც გამოიკვეთა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა სურვილის შემთხვევაში სწორედ ამერიკის პრეზიდენტს შეხვდეს. ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა ისიც, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებაზე უარს არ იტყვის, თუ კიევი კომპრომისებისთვის იქნება მზად.

სანამ მსოფლიო ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობენ, ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურ ფაზაშია. ბრძოლის ველზე შეტაკებების პარალელურად, მოსკოვიც და კიევიც ერთმანეთის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებს. ბოლო 24 საათში უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. რუსეთმა კი კრივოი როგი და ხარკოვი დაბომბა.

 

დღის ამბები