ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მისამართით დამატებითი სანქციები მზადდება. ამის შესახებ განცხადება უწყების პრეს სპიკერის მოადგილემ ბრიფინგზე, მედიის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მმართველი პარტიის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დარჩენილ მცირე დროში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ჩქარობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნათელია სურვილი - ტრამპის მთავრობას მემკვიდრეობის სახით, საქართველოსთან მეტად დაზიანებული ურთიერთობა დახვდეს.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია დაწყებული პროცესის დასრულებას ცდილობს. არ გამორიცხავენ, ახალი სანქციები ტრამპის ინაუგურაციამდეც მოესწროს. ოპოზიციაში ღიად ამბობენ, რომ ამისთვის პარტნიორებთან თავადაც იმუშავეს.
ვითარების შეცვლას "ქართული ოცნება" 20 იანვრიდან ელოდება. მას შემდეგ, რაც ამერიკას ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ტრამპის ინაუგურაცია სახელისუფლებო გუნდისთვის ურთიერთობის გადატვირთვის რეალურ პერსპექტივას აჩენს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას საქართველოს 20 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვა უკვე დაუწესა. მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებსა და სამართალდამცველებს.