ბადრი ჯაფარიძის ნაცვლად, ბიზნესს გაფიცვისკენ მისმა ბიზნეს და პოლიტიკურმა პარტნიორმა მოუწოდა. მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ბიზნესმენებს საკმაოდ ვრცელი პოსტი მიუძღვნა. ყოფილი ბანკირი, ყოფილ კოლეგებს რისკების დაზღვევის გარეშე, სამუშაო პროცესის ჯერ გამაფრთხილებელი, შემდეგ კი პერმანენტული გაჩერებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკოსი ბიზნესს აფრთხილებს, რომ "მერე ძალიან გვიან იქნება". ხაზარაძის მსგავსად, ბიზნესს პროტესტის მძიმე ფორმების პარალელურად, საერთო ფონდის შექმნას სთხოვს ექს-პრემიერი გილაური და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც. ბადრი ჯაფარიძის აზრით, მსგავსი მიდგომა ბიზნესს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას უტოვებს.
ის რაც "ლელოს" ლიდერებისთვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაა, შანტაჟი და ბიზნესის შევიწროების მცდელობაა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ინიციატორების მსგავსად, მამუკა ხაზარაძეს "ნაციონალური მოძრაობის" იდეურ მოკავშირედ მიიჩნევენ. ამბობენ, რომ სტილი დაცულია და ყოფილი ხელისუფლება, კვლავ ჩვეული მეთოდებით ცდილობს ბიზნესი დააშინოს.
მოწოდებიდან რამდენიმე საათში არ გაფიცულან, თუმცა დემონსტრაციების მონაწილეებისთვის შექმნილ ფონდში 5 მილიონი ლარი ჩარიცხეს "საქართველოსა" და "თიბისი" ბანკებმა. თუმცა, ამ ფაქტს მალევე მოყვა კრიტიკა გიორგი ქადაგიძის მხრიდან. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი თანხის ოდენობით უკმაყოფილოა და ბანკებს წლიურ სუფთა მოგების რაოდენობას ახსენებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიზნესმა თანხა უნდა გაიღოს, თუმცა აუცილებელია თან გაიფიცოს - რაც თავადაც ადასტურებენ, რომ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს.
ბიზნესის შევიწროებისა და დაშინების მცდელობა - ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილი ბანკირის ინიციატივას. არ უკვირთ, რომ ხაზარაძეს ბარიერგადალახული პარტიებიც უერთდებიან. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსაც კი არ ერიდება. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტები არც ეკონომიკისთვის მიყენებულ პოტენციურ ზარალს და არც ბიზნესის რისკებს თვლიან, რადგან მთავარი მათი პოლიტიკური ინტერესებია.
დედაქალაქში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება. უკვე რამდენიმე კვირაა, ნიკა გილაურის იდეით დემონსტრანტების მხარდასაჭერად ფონდია შექმნილი.