"პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის, დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ვითხოვთ ამდენი ხანია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს შესახებ განაცხადა.
პრემიერმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და ამ თემასთან დაკავშირებით ალან ბერსეს განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
"რაც შეხება გამჭვირვალობის კანონს და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა, ერთი პრინციპული რამ შეიცვალა, ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის, დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ვითხოვთ ამდენი ხანია. საოცრება მოხდა. პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის. ეს შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის. ეს არის მთავარი. კანონის დეტალებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებდით, ეს არ იყო ამ ვიზიტის მიზანი, ვიზიტის მიზანი იყო ჩვენი თანამშრომლობის ფორმატებზე შევთანხმებულიყავით, რაც შეეხება კანონის შინაარს, კანონის შინაარსი შესაბამის ფორმატში უნდა იქნეს განხილული", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.