
40 წლის შემდეგ ისტორია ისევ მეორდება - რონალდ რეიგანის მსგავსად, ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო ფიცს დახურულ სივრცეში დადებს.
"საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე დავიცვა აშშ-ს კონსტიტუცია", - მიზეზი რის გამოც დონალდ ტრამპი ამ სიტყვებს არა კაპიტოლიუმის გარეთ კიბეებზე, არამედ შიდა სივრცეში, როტონდაში წარმოთქვამს, 1985 წლის მსგავსად, უპრეცედენტოდ ცივი ამინდია. ვაშინგტონში ძალიან ცივა. სინოპტიკოსები 20 იანვრისთვის -11 გრადუსს ვარაუდობენ.
უპრეცედენტოა უსაფრთხოების ზომებიც. კაპიტოლიუმის პოლიცია დაახლოებით 250 ათას ბილეთიან სტუმარს ელოდება. ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 48 კილომეტრიანი სიგრძის ღობით არის შემოსაზღვრული, 25 ათასი სამართალდამცავი და სამხედრო პერსონალი იქნება წარმოდგენილი. ინაუგურაციის დღეს, უსაფრთხოებას დაიცავს ასევე ნაციონალური გვარდიის 7800 ჯარისკაცი, 4000 ათას ოფიცერთან ერთად.
უსაფრთხოების გაძლიერება რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს 2024 წლის 13 ივლისს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერთან მომხდარმა შემთხვევამ დაადასტურა, როდესაც დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით რამდენიმე ათას მხარდამჭერს მიმართავდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრამპს, სცენიდან დაახლოებით 140 მეტრში მდებარე შენობის თავზე ჩასაფრებულმა, თომას მეთიუ კრუქსმა რვაჯერ ესროლა, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლი თავად მას გაანეიტრალებდა. კრუქსის ნასროლი ტყვიებიდან, ერთი ტრამპს ყურში მოხვდა. რატომ სურდა 20 წლის კრუქსს, რესპუბლიკელი კანდიდატის მოკვლა, მოტივის დადგენა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა, თუმცა ერთი რამ ცხადია - მსუბუქად დაჭრის შემდეგ, დასისხლიანებული დონალდ ტრამპის ფოტოებმა და მუშტმოღერებულმა შეძახილმა - ბრძოლა! წარუშლელი კვალი დატოვა 2024 წლის პოლიტიკურ კალენდარში.
დაახლოებით ორ თვეში, ტრამპი ისევ სამიზნე გახდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქე 58 წლის რაიან როუთი დროულად დააკავეს. გასროლა მაშინ მოხდა, როდესაც ფლორიდაში, პალმ ბიჩის რეზიდენციაში, დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდა. გამოძიების ინფორმაციით, როუთი გოლფის მოედნის მახლობლად ბუჩქებში დაიმალა, მაგრამ საიდუმლო სამსახურის აგენტმა ბუჩქებში ავტომატის ლულა დაინახა და გამაფრთხილებლად გაისროლა. ეჭვმიტანილმა ადგილიდან მანქანით მიმალვა ცადა, თუმცა ის მალე დააკავეს. გისოსებიანი ღობის უკან, ბუჩქებში, რომლებიც გოლფის კლუბს გზატკეცილიდან ყოფს, აღმოაჩინეს ნახევრად ავტომატური თოფი სნაიპერის სამიზნით და ვიდეოკამერა. მომხდარმა ფაქტებმა დონალდ ტრამპის პოლიტიკური ტრიუმფი კიდევ უფრო დააჩქარა.
ამერიკის ისტორიაში დონალდ ტრამპი, 78 წლის ასაკში, ყველაზე ხანდაზმული კანდიდატია, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაუმარჯვია. ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს ისტორიაში ტრამპი ასევე პირველი პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტი ორჯერ განხორციელდა და რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ნასამართლევია. თუმცა ამ დაბრკოლებებს მისთვის ხელი არ შეუშლია ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე და 47-ე პრეზიდენტის სტატუსი მოერგო. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში ტრიუმფით დაბრუნება, წლის მთავარი მოვლენა გახდა.
2024 წლის მსგავსად, ბევრს მოლოდინი აქვს, რომ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი წლის ადამიანი გახდება 2025 წელსაც და გადამწყვეტ როლს შეასრულებს ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორიც უკრაინაში ომის დასრულებაა. მსგავსი განცხადება ტრამპს ბევრჯერ გაუკეთებია. ის ამბობს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. ტრამპის პირობამ, რომ სწრაფად დაასრულებს ომს, შიშებიც წარმოშვა იმის შესახებ, აიძულებს თუ არა ეს მოცემულობა კიევს, ტერიტორიები დათმოს.
ჯერჯერობით არც ის არის ნათელი, გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, რადგან არჩეულმა პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება - უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობის გამო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს 66 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ტრამპი კი ფიქრობს, რომ უკრაინის დახმარება ევროპელმა მოკავშირეებმაც უნდა გადაინაწილონ.
ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხდება პუტინის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უკვე ეთმობა ჯერ არ შემდგარ ტრამპი-პუტინის შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მალე ჩაინიშნება. ვინ ვის კარში გაიტანს გოლს, ამას პოლიტიკურ მოედანზე ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი განსაზღვრავს. მოლოდინი დიდია. უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი, ურთიერთობა ევროკავშირთან და NATO-სთან, იმ პირობებში, როცა ტრამპი ალიანსის წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების 5 პროცენტამდე გაზრდას ითხოვს.
არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი გარემოება - დონალდ ტრამპმა NATO-დან შეერთებული შტატების გასვლის საკითხიც დააყენა. მომავალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი, თანაავტორია იმ კანონპროექტისა, რომელიც პრეზიდენტს დართავს ნებას, სენატის თანხმობის ან კონგრესის აქტის გარეშე გაიყვანოს აშშ NATO-ს შემადგენლობიდან. თუმცა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ჯერ ზეიმის დროა.
"ამერიქან აიდოლის" გამარჯვებული ქერი ანდერვუდი ვიდრე სიმღერას შეასრულებს, კრისტოფერ მაკიო კი ჰიმნს, ბევრი აქტივობაა დაგეგმილი.
ინაუგურაციისთვის დონალდ ტრამპი ვაშინგტონში უკვე ჩავიდა. აეროპორტიდან ის ვირჯინიაში, საკუთარ გოლფკლუბში მივიდა, სადაც მან მელანია ტრამპთან ერთად ფეიერვერკების შოუს უმასპინძლა. ინაუგურაციის დღე ეკლესიაში დილის მსახურებით იწყება. ამის შემდეგ კი ახლად არჩეული პრეზიდენტს, თეთრ სახლში, ტრადიციული ჩაით ჯო და ჯილ ბაიდენები გაუმასპინძლდებიან.
ფიცის დადების შემდეგ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტს დაიკავებს. შემდეგ კი საკონგრესო კომიტეტის მიერ მოწყობილ სადილს დაესწრება. ინაუგურაციის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია, საზეიმო აღლუმის მსვლელობა პენსილვანიის გამზირზე.
ამერიკული მედია წერს, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ინაუგურაციისთანავე, 21 იანვარს , მასშტაბური საიმიგრაციო რეიდის დაწყებას გეგმავს. საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპა პირობა დადო, რომ დაიწყებს ყველაზე დიდ დეპორტაციის პროგრამას შეერთებული შტატების ისტორიაში, რაც ქვეყნიდან დაახლოებით 15 – 20 მილიონამდე მიგრანტის დეპორტირებას გულისხმობს.
ავტორი: ნათია ბუცხრიკიძე