
ახალ სამუშაო წელს, ახალი პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - "ქართული ოცნება" მეცხრე გამარჯვების შემდეგ, წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს და საკანონმდებლო ორგანოში, დროებით საგამოძიებო კომისიას ქმნის. ერთ კომისიას, გამოსაძიებელი ბევრი ექნება, სწორედ ამიტომ მუშაობა საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირიდან დაიწყება. ნაბიჯის მიზანი, რომელიც სახელისუფლებო გუნდმა გადადგა, საზოგადოებას 9 იანვარს, პარტიის ცენტრალური ოფისიდან უმრავლესობის ლიდერმა განუმარტა.
განიმარტა ისიც, თუ რატომ ახლა და არა აქამდე, თუმცა, მას შემდეგ რაც კომისია 6-თვიან სამუშაო პროცესს დაიწყებს, საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლისას, პროკურატურას არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გადაეცემა.
საგამოძიებო კომისიის სამიზნე პარტია, სამუშაო პროცესში არ ჩაერთვება. "ნაციონალური მოძრაობა" წარსულში გამოსაძიებელს ვერაფერს ხედავს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მისულმა, მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ საკითხზე სერიოზულად საუბარი უჭირს.
მუშაობაზე უარს ამბობენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. წინა ხელისუფლების პერიოდიდან გამოსაძიებელს ვერაფერს ხედავენ "ნაციონალური მოძრაობიდან," სხვა პარტიაში გადასული ყოფილი წევრებიც.
ბარიერგადალახული ოპოზიციის უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყების ბარიერი ვერ გახდება. პროცესში ოპოზიციის კვოტით "ხალხის ძალის" დეპუტატები ჩაერთვებიან. პარლამენტის ვიცე სპიკერი და ხალხის ძალის ლიდერი სისტემურ დანაშაულზე და ადამიანის ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს. სოზარ სუბარი 2008 წლის ომთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების დროს გადადგმულ ნაბიჯებსაც იხსენებს. კომისიამ სწორედ ეს და შემდგომი პერიოდიც უნდა გამოიძიოს, თუმცა გამოძიების ადრესატები სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები არ იქნებიან.
კითხვა ბევრია, კითხვის ადრესატები კი სამუშაო პროცესზე უარს ამბობენ, თუმცა პროცესში მონაწილეობა მაინც მოუწევთ. მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს კონსტიტუციაზე მიუთითა და ოპოზიციას ბაქოდან, კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა - ამას კი ქვეყნის მთავარი კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირება თებერვალში მოხდება. სამუშაო კალენდარზე დღეების ათვლაც სწორედ წლის მეორე თვიდან დაიწყება. 6 თვის შემდეგ კი მზად იქნება კომისიის დასკვნა, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეცემათ, თუმცა სანამ იქნება დასკვნა პროკურატურაში პირველი საჩივარი უკვე შევიდა - "ერთიანი ნეიტრალური საქართველო," ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენასა და კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების დასჯას ითხოვს. როგორ წარიმართება კომისიის მუშაობა? - იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, სხდომებს საზოგადოება თვალს პირდაპირ ეთერში მიადევნებს.
ავტორი: იზი ბურნაძე