
სამხრეთ იტალიურ ქალაქში, სადაც ფეხბურთს ასე აღმერთებენ, ორი წლის წინ ბურთის გაგორება ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დაიწყო. საფეხბურთო ტრადიციის მიმდევარმა გულშემატკივარმა ქართველ ფეხბურთელს თამაში პირველივე წუთებიდან მოუწონა. მერე კი ქუჩებსა და ლეგენდარულ სტადიონზე, ახალი საფეხბურთო ერა დაიწყო - მარადონადან კვარადონამდე.
ნეაპოლში პატარა ქვეყნიდან დიდი მიზნებისთვის ჩავიდა. ისე, როგორც მისი წინამორბედი 80-იან წლებში, მაშინ როცა ეს ქალაქი ჯერ კიდევ კრიმინალთან და სიღარიბესთან ასოცირდებოდა.
მას მერე საფეხბურთო ქალაქში არც ტაში დაჰკლებია და არც ოვაციები. ნეაპოლში ჩასულს არც იტალიელი ჟურნალისტის ეს უხერხული შეკითხვა დაუტოვებია უპასუხოდ და მომავალში არც ამ ქალაქის გულმხურვალე ქომაგების გაოცება დავიწყებია დაუვიწყარი გოლებით, რამაც ხვიჩა კვარაცხელიას არნახული წარმატება მოუტანა. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მალევე დაინახეს საერთო საფეხბურთო ძაფები მათ მეფესთან - დიეგო არმანდო მარადონასთან და ასე ნელ-ნელა ყველა ხედავდა რომ ნეაპოლში, სადაც ბურთი ასე უყვართ და ქომაგობენ, სადაც ჰაერშიც კი ფეხბურთის სუნია, ფეხბურთის "ახალი მეფე" მეორედ იბადებოდა.
მოედანზე გასულს არც გულშემატკივრები ავიწყდებოდა და არც ისინი ივიწყებდნენ. სახლებიდან, თუ სტადიონ "მარადონაზე" შეკრებილები ყოველთვის ნეაპოლურ ზღაპრის ადევნებდნენ თვალს. ამ საფეხბურთო დღესასწაულს კი დიდი თუ პატარა, იტალიური ტემპერამენტით, ემოციებით და შეძახილებით ხვდებოდა.
მოედანზე თავდადებული, მაგიური ტალანტი, არაპროგნოზირებადი და ჯიუტი, თავისი განუმეორებელი საფეხბურთო ტექნიკით - ამ ქალაქის მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთ ადამიანს ახსენებდა, ამიტომაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამ ისტორიულ საფეხბურთო კედელზე მარადონასთან ერთად გამოსახეს. ფეხბურთის ლეგენდა და ბიჭი, რომელმაც ბურთის თამაში 6 წლიდან დაიწყო და მსოფლიო ვარსკვლავად იქცა.
ნეაპოლში ხვიჩა იმდენად შეიყვარეს, კვალი არამარტო მოედანს, არამედ ერსაც კი დაატყო. იტალიელი სპორტული კომენტატორებისთვისაც რთულად წარმოსათქმელი ქართული სახელი ხვიჩა დღეს ნეაპოლში რომ დაიძახო, შესაძლოა პატარა ბავშვმა გიპასუხოს. საფეხბურთო ქალაქში პირველ ბავშვს ხვიჩა 2023 წელს დაარქვეს. ისტორია აქაც გამეორდა. როდესაც "ნაპოლიში" დიეგო მარადონა თამაშობდა, იმ წლებში ბევრ ახალშობილს დაარქვეს მისი სახელი.
კვარაცხელია მარადონას გუნდში ბათუმის "დინამოდან" გადავიდა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, თავად კი იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
და როცა დამშვიდობების დრო მოვიდა, იქ მივიდა, სადაც საფეხბურთო კერპთაყვანისმცემლობის ადგილია. დიადი არგენტინელის მურალთან.
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი 77-ნომრიანი მაისური გაიხადა, სამხრეთელ გულშემატკივრებს მათთვის გასაგებ ენაზე ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა და ისიც უთხრა, რომ მომავალში ამ ამბავზე უფრო მეტს მოჰყვებოდა.
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები გულდაწყვეტილები დარჩნენ, რაც ყველამ თავისებურად გამოხატა. გულდაწყვეტილმა ქომაგებმა ვერც ცრემლები შეიკავეს.
ეს ამბავი დაეტყო ქუჩებსაც, სახლებს. იყო წყენაც, ემოციური წერილები - მითქმა-მოთქმა, სად უფრო დააფასეს კვარა. იტალიაში სპორტული გვერდები სინანულით აღნიშნავდნენ, რომ კვარაცხელიას წასვლის შემდეგ მათი გამომწერების რაოდენობაც შემცირდა. ზოგმა ბრაზი და წყენა ასე რადიკალური ფორმითაც გამოხატა.
ბიჭი, რომლისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების მთავარი მიზანია, კარიერას ახალ ქვეყანაში გააგრძელებს. საფრანგეთში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და ახლა უკვე თავბრუდამხვევი გოლების გატანას პსჟ-ს ფეხბურთელის სტატუსით გეგმავს.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტი გააფორმა. "პარი სენ-ჟერმენი" კვარაცხელიას ტრანსფერში "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს გადაუხდის, 10 მილიონს - ბონუსების სახით. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. ახლა კვარაცხელია უკვე ფრანგულ მინდორზე სათამაშოდ ემზადება, ფრანგი გულშემატკივრები კი მისი სახელის სწორად წარმოთქმაში ვარჯიშობენ.
ხვიჩა კვარაცხელია, ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ნეაპოლის კედლებს, სტადიონის ტრიბუნებსა და ამ ყველაზე ემოციური გულშემატკივრების საფეხბურთო მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. უცნობი ბიჭი, ბათუმის "დინამოდან" ერთხელ "ნაპოლიში" რომ წავიდა სათამაშოდ და მერე თავი მთელ მსოფლიოს რომ გააცნო. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიელებს ფეხბურთი კიდევ უფრო შეაყვარა და მათი გულის ნაწილად აქცია.