
ამერიკაში ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა, რეიგანის აეროპორტთან მდინარეში ამ დროისთვის 30 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სამძებრო ოპერაციაში ასობით მაშველი მონაწილეობს. მათ მუშაობას ძლიერი ქარი, ნისლი და გაყინული მდინარე ართულებს. სამძებრო ღონისძიებებში მყვინთავები მონაწილეობენ.
ვაშინგტონში "ემერიქან ეარლაინსის" "ბომბარდირ- სი ერ ჯი-700" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი "ბლექ ჰავკის" სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა. ტრაგედია, ადგილობრივი დროით, 21 საათზე დატრიალდა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი 3 სამხედრო იმყოფებოდა. შეჯახების შემდეგ ორივე ხომალდი მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა, ამ დროს კი სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
"ასოშიეითედ პრესი" წერს, რომ შეჯახებამდე თვითმფრინავის ეკიპაჟმა ავია ნავიგაციის ოპერატორს დასაფრენი ზოლის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო, ამის შემდეგ ოპერატორები ვერტმფრენს საჰაერო სივრცის დატოვების თხოვნით დაუკავშირდნენ, დაახლოებით ერთ წუთში კი შეჯახება მოხდა. ვითარებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო.
"ემერიქან ეარლაინსის" თვითმფრინავის მგზავრებს შორის სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები იყვნენ. ისინი ვაშინგტონში კანზასში მდებარე ბაზიდან ბრუნდებოდნენ. ინფორმაცია ამერიკის ფიგურული სრიალის ფედერაციამ გაავრცელა, თუმცა განცხადებაში სპორტსმენების კონკრეტული რიცხვი არ სახელდება.
ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას, სოციალური ქსელ X-ში, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.