
ბაკურიანში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნამდე ერთი საათი რჩება.
დღეიდან, 16 თებერვლის ჩათვლით, საქართველო 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს.
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას ლეგენდარული ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ნინო სალუქვაძე, კახი კახიაშვილი და ა.შ.
ცერემონიალის დაწყებამდე საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ მოკლედ შეაფასეს ის სიტუაცია , რაც დახვდათ ბაკურიანში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, მიზნები რაც ჰქონდათ დასახული მაღალი სტანდარტებით შესრულდა.
ლერი ხაბელოვის თქმით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპური ფესტივალის ჩატარება საქართველოში ზამთრის სპორტული სახეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
"რა მიზნების გვქონდა დასახული, ყველაფერი შევასრულეთ. შევასრულეთ იმ სტანდარტებით, რაც იყო მოცემული. მოვლენილი იყო ჩვენი ევროპელი კოლეგები და მონიტორს გადიოდა ყველა დარბაზი თუ ობიექტი და შეფასებები არის ძალიან მაღალი. ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის სპორტული სახეობების განვითარება. სერთო ჯამში, ბიძგი მივეცით ზამთრის სახეობების განვითარებას. იმედია, შემდგომში უკვე გვეყოლებიან მაღალი რანგის სპორტსმენები", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, "ბაკურიანი 2025-ის" საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, მამუკა ხაბარელის განცხადებით, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპური ფესტივალზე დასწრება ძალიან დიდია.
"ერთი წლის წინ, ბაკურიანში არ არსებობდა არაფერი, ის იყო ინფრასტრუქტურის საწყის განვითარება. ახლა, რომ ჩამოვიდნენ და ნახეს, ვერ მალავენ აღფრთოვანებას ყველანაირი მიმართულებით - ინფრასტრუქტურა, საორგანიზაციო საკითხები, თითოეული დეტალი მაღალ დონეზე არის ნაფიქრი და ამას ყოველდღიურად ნახულობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები 45 ევროპელი ქვეყნიდან. ზამთრის სახეობებისთვის დასწრება ძალიან დიდია", - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის სტანდარტებს.
"საქართველოში გუშინ ჩამოვედი, მამუკამ სასრიალო მოედანზე წამიყვანა, სადაც შესანიშნავი გარემო იყო. ყველა ღიმილით დაგვხვდა, ლამაზი ფორმები ეცვათ. თავი სახლში ვიგრძენი. ქართველი ხალხი, თბილი და სტუმართმოყვარეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში. ახალი ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის სტანდარტებს. ემოციური იყო მონეტის პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარადგინა. იგივე გამოვცადეთ ათი წლის წინ, როდესაც ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩაატარეთ. ძალიან წარმატებული ღონისძიება იყო და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. მჯერა, რომ თქვენს ახალგაზრდებს ზამთრის სპორტის ახალი სახეობების აღმოჩენის საშუალება მიეცემათ და ახალი ჩემპიონები გეყოლებათ", - განაცხადა სპიროს კაპრალოსმა.