არჩევნების საქმეზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. საქალაქო სასამართლოში დღეს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურის შეკითხვებს უპასუხებენ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წევრი, ლევან ნატროშვილი.
ამ წუთებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პროკურატურის შეკითხვებს ნონა ქურდოვანიძე პასუხობს. რა მტკიცებულებებს წარადგენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ეს ჯერჯერობით უცნობია.
"მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, და ახლა კარგია, რომ მოხდა, როგორც იქნა, ჩვენი დაბარება და ჩვენებას მივცემ იმასთან დაკავშირებით, რა მტკიცებულებებიც გვაქვს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარღვევებზე, რომელიც ყველასთვის ცნობილია და საჯაროდაც დევს. ხმის ფარულობა დაირღვა და ამასთან დაკავშირებით არის ჩვენი საჩივარი," - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
საქმეზე უკვე გამოკითხულები არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროკურატურამ გამოძიება 164-ე ტერცია მუხლით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე 30 ოქტომბერს დაიწყო.