12 აგვისტო 2026,   12:51
ვრცლად
"თუ ადამიანი მატერიალურ სარგებელს მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან მიმართებით" - არჩილ გორდულაძე

პარლამენტი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობას იწყებს. "ქართული ოცნების" ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე ინიციირებულია ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება, რის მერეც განხილვები ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი სესიაზე გაგრძელდება.

ცვლილებები ერთდროულად რამდენიმე კანონში შევა და ის შეეხება, როგორც რეალიზატორებს, ასევე მომხმარებლებს. სასჯელები მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო იქნება.

განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება, თუ პირს დაუდასტურდება მოხმარების ფაქტი ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. დაანონსებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი ეგრეთწოდებული "ლიბერალური ნარკოპოლიტიკის’’ მძიმე შედეგებზე საუბრობენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ ადამიანი გაასაღებს, მატერიალურ სარგებელს მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან მიმართებით.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მარიხუანის ღია სივრცეში მოხმარება დღესაც აკრძალულია. ამ კუთხით არავითარი გამკაცრება არ გვაქვს. ერთადერთი გამკაცრება ის არის, რომ თუ ადამიანები ღია ცის ქვეშ მოიხმარენ მარიხუანას და მათ მიმართ პასუხისმგებლობა დადგება ჯარიმის სახით, ამ ადამიანებს არ შეეძლებათ არც პედაგოგიური საქმიანობა, არც საჯარო სამსახურში საქმიანობა 5 წლის განმავლობაში. მართვის მოწმობებიც შეზღუდული იქნება.

ერთი ნარკოდამოკიდებულის მიერ მეორე ნარკოდამოკიდებულისათვის გადაცემა, ესეც გასაღებად ითვლებოდა აქამდე და ამ კუთხით არაფერი არ შეცვლილა.

თუ ადამიანი გაასაღებს, ანუ მატერიალურ სარგებელს მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან მიმართებით. იმ ნარკოტიკზე, რომელსაც აქვს დაბალი დოზები პასუხისმგებლობა დაიწყება 12 წლიდან, ხოლო რომლებსაც აქვს დიდ ოდენობები და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, პასუხისმგებლობა 14 და 16 წლიდან დაიწყება, რომელიც საბოლოო ჯამში 20 წლამდე ან უვადო პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

აპრიორი, ადამიანი ქუჩაში მიდის და გააჩერეს ასეთი რამე არ ხდება. კანონმდებლობა პირდაპირ ამბობს, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს გონივრული საფუძველი. ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ პოლიციელმა გადაიყვანოს და გაუკეთდეს შესაბამისი შემოწმება, თუ ამ ყველაფერზე უარს იტყვის, ადამიანს შეეძლება 8 საათის განმავლობაში მივიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელიც აკრედიტებული იქნება ამ ყველაფრისთვის, ჩაიტაროს ანალიზი და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს პოლიციას, რომ იგი მოხმარების და ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები