
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მალე, ხელს მოაწერს უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას.
დონალდ ტრამპის თქმით, მას ესმის წიაღისეულის ღირებულება და ამიტომ განსაკუთრებით აფასებს. მან ისაუბრა უკრაინაში ომის დასრულების საკითხზეც. 47-ე პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
"ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე, ძალიან მალე ვაპირებთ უკრაინასთან გარიგების გაფორმებას იშვიათ წიაღისეულებთან დაკავშირებით, რომლებსაც უდიდესი ღირებულება გააჩნია. ამას ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ.
ვისაუბრე პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჩვენი დიდი სურვილია, ეს ყველაფერი დასრულდეს, და, ვფიქრობ, ამ მხრივ, საკმაოდ წარმატებულად ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, ყოველ კვირას ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 24 მარტს შედგება. შეხვედრის ადგილი კვლავ საუდის არაბეთია.