
ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს დილიდან კვლავ შეიკრიბება. კომისიის წევრები აგვისტოს ომთან და 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განხილვებს განაგრძობენ.
დილის 10 საათისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ზაზა გოგავას, მამუკა ყურაშვილსა და შალვა ჯანაშვილს ელოდებიან.
საკითხის განხილვა კომისიამ გუშინ დაიწყო. კომისიის კითხვებს უკვე უპასუხა რამდენიმე ადამიანმა - მათ შორის ყოფილმა პრემიერმა, ზურაბ ნოღაიდელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ, კომისიაზე დასმული კითხვების მიხედვით, რუსეთის აგრესიაზე საუბარი არ არის და აგვისტოს ომში საქართველოს დადანაშაულება არის მთავარი ინტერესი.
"მთავარი ინტერესი, რომელიც მე მქონდა ამ საგამოძიებო ე.წ. კომისიასთან მიმართებაში, ეს იყო ის კითხვები და ის მიზანი, რომლისთვისაც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებენ და როდესაც რუსეთის აგრესიაზე საუბარი არსად არ არის და საქართველოს დადანაშაულება არის ინტერესი, და როდესაც ვიცით უკვე ჟენევაში გაცხადებულად თუ რამდენად გააძლიერებს ეს რუსეთის გავლენას და მის სურვილს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო შესუსტდეს, ამ ვითარებაში, მთავარი კითხვა წულუკიანთან არის - რა მიზნით კეთდება ეს ყველაფერი", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.