
ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს დილიდან კვლავ შეიკრიბება. კომისიის წევრები აგვისტოს ომთან და 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განხილვებს განაგრძობენ.
დილის 10 საათისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ზაზა გოგავას, მამუკა ყურაშვილსა და შალვა ჯანაშვილს ელოდებიან.
საკითხის განხილვა კომისიამ გუშინ დაიწყო. კომისიის კითხვებს უკვე უპასუხა რამდენიმე ადამიანმა - მათ შორის ყოფილმა პრემიერმა, ზურაბ ნოღაიდელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიით უკვე გამოაშკარავდა ბევრი რამ, რაც უმრავლესობის გუნდმა ისედაც იცოდა, თუმცა საჭიროა ყველაფრის ფაქტებით გამყარება.
"რამდენიმე ადამიანი გამოიკითხება. მათ შორის ერთ-ერთი იქნება გენერალი ყურაშვილი. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ გენერალი ყურაშვილის განცხადება არის, რომ როდესაც კოდორის ხეობას შეუცვალეს სტატუსი, დაარქვეს ზემო აფხაზეთი და უმტკივნეულოდ გადააბარეს ოკუპანტს, გენერალმა ყურაშვილმა ეს ყველაფერი შეაფასა, როგორც ქვეყნის ღალატი.
ასევე ძალიან ბევრი რაღაც უკვე გამოაშკარავდა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით, უბრალოდ საჭირო არის, რა თქმა უნდა, ყველაფრის მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარება, რომ შედეგ ეს პროკურატურას გადაეცეს", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.