
ჯარიმა თუ 1 წლამდე პატიმრობა - სწორედ ამას ითვალისწინებს მუხლი, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგივე მუხლით ელის პასუხისგება ბადრი ჯაფარიძესაც.
ხაზარაძე საგამოძიებო უწყებამ მოწმის სტატუსით დაიბარა, თუმცა ცნობილია, რომ ყოფილი ბანკირი მიზეზების ახსნას, რატომ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე აპირებს. ანალოგიური მოთხოვნა ექნება ბადრი ჯაფარიძესაც.
პროკურატურაში საქმე საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სხდომაზე, სადაც "ლელოს" ლიდერები არ მივიდნენ, შპს. მაგნატის საკითხი განიხილებოდა, რომლის ქონებაც, "TBC ბანკის" უშუალო მონაწილეობით, კეზერაშვილის კომპანიის მფლობელობაში გადავიდა. "ლელო" პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ, თავიანთი კანონდარღვევის ვადები გაახანგრძლივონ.
"პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მოვიდნენ, რომ ამოფარებოდნენ პოლიტიკას და თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები მიეჩქმალათ და დაემალათ. ამ ადამიანებს არ აქვთ სათქმელი არაფერი, არ შეუძლიათ, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ, ამიტომაც ისინი თავს არიდებდნენ და არიდებენ საგამოძიებო კომისიაში მისვლისგან.
ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე, თავიანთი კანონდარღვევისა და კანონის სრული უგულებელყოფის ვადები როგორმე გაახანგრძლივონ", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.