2004 წლის 24 ნოემბერი, წერეთლის გამზირი - დიდუბის ეკლესიის წინ, ავტომობილს, რომელშიც 19 წლის ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად ზის, საპატრულო პოლიცია აჩერებს. მოგვიანებით, იძახებენ დამატებით ძალას. რამდენიმე წუთში ისმის გასროლის ხმა, რომელიც ბუტა რობაქიძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. შვილის მკვლელობის დეტალები საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ია მეტრეველმა გაიხსენა. ისაუბრა მაშინდელი ხელისუფლების მიერ გაცემულ ბრძანებებზე და დადგმულ სცენარზე - როგორ მიიტანეს ადგილზე იარაღები და ახალგაზრდებს მანქანაში ჩაუდეს.
რობაქიძის საქმის დადგმულ სცენარზე ისაუბრა გადაცემა "პატრულის" ყოფილმა ჟურნალისტმაც. გოჩა მუკბანიანმა გაიხსენა როგორ გაყალბდა საქმე მაშინდელი ხელისუფლების დავალებით
დეპუტატებმა დღეს ე.წ. ზილების რევოლუციის საქმის მოწმეებსაც მოუსმინეს. ბესიკ და ლერი ბერიტაშვილები იმ 8 პირს შორის იყვნენ, რომლებიც 2011 წელს დააკავეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ორგანიზებულ ჯგუფს მაისის საპროტესტო აქციების დროს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა. ბერიტაშვილებმა დღეს გაიხსენეს, როგორ მოაწერინეს ჩვენებებზე ხელი ცემის, წამებისა და შვილებზე მუქარის შედეგად.
ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე ისაუბრა კიდევ ორმა პირმა. ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა და ლევან ტერაშვილმა დეტალურად გაიხსენეს დაკავების მომენტი, საპატიმროში ყოფნის პერიოდი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003-2012 წლებში, სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - სწორედ ეს საკითხები განიხილეს დღეს საგამოძიებო კომიტეტის მე-11 სხდომაზე.