12 აგვისტო 2026,   23:39
ვრცლად
განათლებისა და იუსტიციის მინისტრებმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს

განათლების და იუსტიციის მინისტრებმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს. ბანაკი წელს, 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს და რვა ნაკადად ჩატარდება.

"მნიშვნელოვანია ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის იქმნებოდეს ჩვენს ქვეყანაში შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის და ნიჭის რეალიზებისთვის. ახალგაზრდობის სააგენტოს ყველა პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მათ შორის დღევანდელი თემატური ბანაკიც, სადაც მონაწილეებს ექნებათ საშუალება, რომ განავითარონ სხვადასხვა რბილი უნარები", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე.

ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული, კომუნიკაციური და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით თემატური ბანაკების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დისკუსიის ფარგლებში დაუსვეს.  

"აქ არიან შეკრებილი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ისინი ერთმანეთს ეცნობიან და ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ახალგაზრდები ის საუკეთესო თვისებები, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად გამოადგება", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

თემატური ბანაკის პროგრამა ოთხდღიანია. მონაწილეებს მათთვის საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ.

 

დღის ამბები