09 აგვისტო 2026,   18:05
ვრცლად
ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ადგილობრივი მთავრობა ფინანსურად დაეხმარება - მუნიციპალიტეტი თანხებს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს

ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე დემონტაჟის სამუშაოები გრძელდება. უკვე მეხუთე დღეა ადგილზე მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა ტერიტორიას ნარჩენებისგან ასუფთავებენ. კონტრაქტორ კომპანიასთან მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გააფორმა. სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ადგილობრივი მთავრობა ფინანსურადაც დაეხმარება. მათთვის მუნიციპალიტეტი თანხებს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.

ხანძრის შედეგად დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართობი. ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ტერიტორია "თბილისი ცენტრალს" საქართველოს რკინიგზისგან 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული. საიჯარო ხელშეკრულებით, ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას შპს "ბაქანი" ახორციელებს. სწორედ ეს კომპანიაა ადგილზე სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი.

სასაწყობე ფართები, ტანსაცმლის და საკანცელარიო ნივთების ასობით მაღაზია - დიდუბის რაიონში გაჩენილ ხანძარს 400-ზე მეტი დაზარალებული ჰყავს. საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ ის მოვაჭრეები, ვისაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ.

ტერიტორიის გასუფთავების და განადგურებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, გამოძიება დაადგენს. უწყება საქმეზე მოკვლევას, ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აგრძელებს.

დღის ამბები