24 ივნისი 2025,   10:45
ვრცლად
მძინარე, უიარაღო ადამიანების მკვლელობა, ბავშვების სიკვდილით დასჯა და დაკავებულთა ხოცვა ერაყსა და ავღანეთში - დიდი ბრიტანეთის ყოფილი სპეცრაზმელები ომის სავარაუდო დანაშაულებზე ჰყვებიან

მძინარე, უიარაღო ადამიანების მკვლელობა, ბავშვების სიკვდილით დასჯა და დაკავებულთა ხოცვა ერაყსა და ავღანეთში - დიდი ბრიტანეთის ყოფილი სპეცრაზმელები დუმილს არღვევენ და ომის სავარაუდო დანაშაულებზე ჰყვებიან. სამშვიდობო მისიის ნაცვლად, მშვიდობიანი მოქალაქეების სავარაუდო მკვლელობების გამო, გაერთიანებულ სამეფოში ახალი სკანდალი ძალას იკრებს.

"დაკავებულების ხოცვა რუტინად იქცა" - ამბობს კიდევ ერთი ვეტერანი სამხედრო, რომელიც დეტალურად იხსენებს, როგორ ხდებოდა მკვლელობების შემდეგ რეალური ფაქტების გაყალბება.

ახალი ჩვენებები, რომლებიც ომის სავარაუდო დანაშაულებს შეიცავს, BBC-მ მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, წელს ბრალდებების ადრესატი პირველად სამეფო საზღვაო ძალების ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმიც გახდა. მათ ყოფილი სამხედროები უიარაღო და დაჭრილი ადამიანების სიკვდილით დასჯაში სდებენ ბრალს.

ვეტერანებმა ღიად თქვეს ისიც, რომ დევიდ კემერონი თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაულების შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს. მედიის ცნობით, კემერონს, რომელიც ავღანეთში ვიზიტით 7-ჯერ იმყოფებოდა, თავად ავღანეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჰამიდ ყარზაიმ მიაწოდა ინფორმაცია დანაშაულების შესახებ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სავარაუდო ომის დანაშაულებთან დაკავშირებული მიმდინარე საჯარო გამოძიებას მხარს უჭერენ. პარალელურად, ყველა ვეტერანს, ვისაც აქვს შესაბამისი ინფორმაცია, თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები