ნებისმიერი პარიზელი რომ გააჩეროთ, იგივე სიტყვებს მოისმენთ - სულ რაღაც 4 თვეში მოახერხა და ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგების გული მოიგო. "პარი სენ-ჟერმენის" ძირძველმა გულშემატკივარმა კვარა კლუბის აღმოჩენად უკვე აღიარა.
ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია კლუბის ყოფილი ფეხბურთელებისთვისაც. ხავიერ პასტორეს "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში არც კვარას პიროვნული თვისებები გამორჩენია.
"ჟეოღჟიენ" ფრანგულად ქართველს ნიშნავს და ახლა უკვე ყველამ იცის, რომ ეს ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც ფრანგულ გავლენიან გამოცემებში მთავარი გვერდები ეთმობა.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ახლა ისე ამაყობენ, როგორც არასდროს. ამაყობენ ვარსკვლავით, რომელმაც მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს პატარა საქართველოს სახელი გააცნო და შეაყვარა. ქართული დროშების გარეშე არც საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩს ჩაუვლია.
საქართველოს ნაკრების ლიდერი პარიზელთა რიგებს 2025 წლის 17 იანვარს შეუერთდა და მას შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას 7 ნომრიანი მაისურის მყიდველთა რიცხვი რეკორდულად იზრდება.
აღარავინ კამათობს იმაზე, რომ კვარაცხელიასთან ერთად, "პე-ეს-ჟეს" ფეხბურთი კიდევ უფრო მიმზიდველი და შედეგიანი ხდება. გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დამატებითი პლეიოფის დახმარებით გადალახა, დღეს ამავე ტურნირის ფინალამდე დღეებს ითვლის. ქართველი შემტევი ქომაგების ერთ-ერთი ფავორიტი მალევე გახდა.
პარიზელებს ევროპული გრანდებისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვთ, თუმცა დღემდე, ჩემპიონთა ლიგის მოგება "პე-ეს-ჟესთვის" შეუსრულებელ მისიად რჩება.
გამოცდილება აჩვენებს, რომ გუნდები, რომლებშიც კვარაცხელია თამაშობს, მიზანს აღწევენ. ამის მაგალითია "ნაპოლის" ჩემპიონობა 33 წლიანი პაუზის შემდეგ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს ნიდერლანდების ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერ მენის" ყოფილ ფეხბურთელს გრეგორი ვან დერ ვილს, რომელთანაც ექსკლუზიური კომენტარი პარიზში ჩავწერეთ.
"პე ეს ჟეს" გულშემატკივრები გერმანიაში გამარჯვებას ელიან, მათი თავდაჯერების მთავარი მიზეზი კვარაა. ის ახლა საფეხბურთო ანალიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.
ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ინგლისის ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსმა რიო ფერდინანმა.
ხვიჩას წარმატებით ყველაზე მეტად საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ამაყობენ. "მე კვარას სამშობლოდან ვარ" - ეს ფრაზა აქ ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის.
თამარ მეფის სახელობის ტაძარი პარიზში - ეს ემიგრანტების შეკრების ერთ-ერთი მთავარი ადგილია. ქართველების საუბრის მთავარი თემა ხშირად აქაც კვარაცხელიაა.
რეპეტიცია გადამწყვეტი თამაშის წინ - ყველაზე ზუსტად ამ სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტური, რომელსაც "რუსთავი2"-ის ჯგუფიც დაესწრო. "პარი სენ ჟერმენმა" პარკ დე პრენსზე "ოსერს" უმასპინძლა. მართალია, შეხვედრის პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, მაგრამ იქ, სადაც ხვიჩაა, ყველანაირი სცენარის შეცვლა შეიძლება. კვარამ, რომელიც გამუდმებით ქმნიდა სახიფათო მომენტებს, ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა.
ათიდან ათი ქულა - ასე შეაფასეს ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას თამაში, რომელიც პარიზელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საზეიმო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ფრანგებმა კარგად იციან, როგორ იზეიმონ გამარჯვება - პარკ დე პრენსი კი მათი საყვარელი სცენაა, ეს თამაში უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე უბრალოდ სამი ქულა. ფინალის წინ ეს იყო ცხადი გზავნილი, რომ გუნდი მზადაა ისტორიის დასაწერად. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, "პე-სე-ჟეს" დამაჯერებელმა გამარჯვებამ პარიზელებს რწმენა და მოლოდინი გაუორმაგა - საკუთარ თავში დარწმუნებულები, ამ გამარჯვებასაც ჩვეული სტილით შეხვდნენ.
31 მაისს, "პარი სენ-ჟერმენი" და "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შანსები თანაბარია, თუმცა პარიზელებს ჰყავთ კვარა.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ფინალი იმ დიდი გზის გაგრძელებაა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გავდივართ და რომელსაც ოცნებების ახდენა ჰქვია.