07 აგვისტო 2026,   16:06
ვრცლად
ორმხრივი თავდასხმები დრონებით და პუტინის უარი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე - რუსეთი უკრაინული სპეცოპერაციის საპასუხოდ, მძიმე დარტყმით იმუქრება

რუსეთი უკრაინული სპეცოპერაცია "ობობას ქსელის" საპასუხოდ ემზადება. კრემლი ღიად ამბობს, რომ დარტყმა კიევისთვის ძალიან მძიმე იქნება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარი, რომელიც 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა, კარგი იყო, თუმცა არა ისეთი, რომელიც მშვიდობას დაუყოვნებლივ მოიტანს.

მოლაპარაკებებს და უკრაინულ სამხედრო ოპერაციას პირველად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. პუტინმა მთავრობის სხდომაზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასა და ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

პუტინს მალევე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი მიიჩნევს, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა აუცილებელია.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს სამხედრო დახმარებას სთხოვს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი "რამშტაინის" შეხვედრაზე. თუმცა, რუსტემ უმეროვმა იქ პენტაგონის ხელმძღვანელი ვერ ნახა. 3 წლის განმავლობაში პირველად, "რამშტაინის" ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას, ამერიკის თავდაცვის მდივანი არ დაესწრო.

პოლიტიკური ფრონტის პარალელურად, უკრაინა აქტიურად იბრძვის ბრძოლის ველზეც, სადაც ვითარება ამ დრომდე კრიტიკულია.

ომის დაწყებიდან 1198-ე დღეს ვითარება დაძაბულია უკრაინის ქალაქებშიც - 5 ადამიანი ემსხვერპლა ოკუპანტების თავდასხმას ჩერნიგოვის ოლქში, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი. არიან დაჭრილებიც. რუსეთმა ქალაქი პრილუკი დრონებით დაბომბა, ხარკოვში კი საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

შეტევებს განაგრძობს კიევიც. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში ბელორუსის სასაზღვრო ზონის მიმდებარედ განლაგებული სარაკეტო გამშვები კომპლექსი გაანადგურეს, რომლითაც რუსეთი კიევზე შეტევას გეგმავდა. ააფეთქეს რკინიგზა ვორონეჟის ოლქში, შედეგად, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. უკრაინულ თავდასხმებს ადასტურებს კრემლიც, სადაც ამბობენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ბოლო 24 საათში 59 უკრაინული დრონი დააფიქსირეს.

დღის ამბები