08 ივლისი 2025,   05:07
ვრცლად
გვაქვს რეალური შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი - რამაზ სვანაძე პორტუგალიასთან მატჩზე

ბოლო შანსი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოსახვედრად - ხვალ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა შეუძლებელი უნდა შეძლოს და პორტუგალიის ნაკრები დაამარცხოს იმისთვის, რომ ევროპის პირველობის შემდეგ ეტაპზე ითამაშოს. "ჯვაროსნების" მდგომარეობა ფრანგებთან განცდილმა დასანანმა მარცხმა გამოიწვია, როდესაც დამატებით დროში საქართველოს ნაკრებმა მესამე ბურთი მიიღო, რითაც მოწინააღმდეგემ კი თამაშის უფრო მაღალი კლასი აჩვენა.

პორტუგალია რთული მეტოქეა და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ ამ ტურნირზე საკუთარ კარში გოლი არ მიუღიათ, ხვალ "ჯვაროსნებს" ძალიან მძიმე მატჩი ელით. საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს და პორტუგალიაც "ჯვაროსნებისთვის" ნაცნობი გუნდია, ორი წლის წინ ქართველებმა თბილისში სწორედ პორტუგალიელებს აჯობეს.

ევრო 2025-ის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.

"საზონოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება და ხვალ გვეცოდინება, ითამაშებს თუ არა.

განწყობა ძალიან კარგია, დადებითია. სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს, იმიტომ, რომ ვიმყოფებით ევროპის ჩემპიონატზე, ვთამაშობთ ძალიან მაღალი დონის თამაშებს და ამას ემატება ის ფაქტი, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურების წინ, გვაქვს რეალური შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი," - აღნიშნა რამაზ სვანაძემ.

 

ავტორი:  ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები