
სოფელ გუბისწყალში, დაუსახლებელ ადგილას პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი იპოვა. ნარკოტიკის სამალავები სამართალდამცველებს, 32 წლის ქალმა აჩვენა. ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქეა დაკავებული.
"კურიერმა" ის ადგილი გადაიღო, სადაც ნარკოდანაშაულის საქმეზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ირკვევა რომ 32 წლის ინნა ზელენკომ ნარკოტიკული საშუალება მეთადონი გასაყიდად გაამზადა და ე.წ დადების მეთოდით მინდორში, სხვადასხვა ადგილას განათავსა. სამალავები აღმოჩენილია ხის ძირში, ქვების ქვეშ და გზის ნაპირზე იქ, სადაც ე.წ ფაქტი უცხო პირისთვის შესამჩნევი არ იქნებოდა.
30 შეკვრად დაფასოებული მეთადონი, ნარკოდანაშაულის საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს. ნარკოტიკის რაოდენობა, გამოძიების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდია და ინნა ზელენკოს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
"კურიერის" ინფორმაციით, ინნა ზელენკო წყალტუბოში, დროებით საცხოვრებელში ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი მაშინ დააკავეს, როდესაც ქუჩაში გადაადგილდებოდა. ცნობილია, რომ უკრაინის მოქალაქე გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ნარკოდანაშაულის საქმეში, ნივთმტკიცების სახით დევს ჩხრეკისას ამოღებული ელექტრო სასწორები და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებს შორისაა გამოკითხვის ოქმები.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით დაკავებული ინნა ზელენკო, ახლა წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში იმყოფება.