თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, რომელმაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა, დაცვის მხარე კი 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
რომეო მიქაუტაძემ მის სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა.
"ჩემი ცხოვრების, ჩემი საქმიანობის 24 წელი, მიმაჩნია, რომ მაქვს წარმატებული კარიერა, სხვადასხვა პოზიციაზე. ყველა სასწავლებელი მაქვს დამთავრებული წარჩინებით, მყავს ოჯახი და ვარ ღირსების ორდენოსანი. ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვა არც არასდროს მქონია, არც მაქვს და არც მექნება მომავალში. დარწმუნებული ვარ, სასამართლოს სიჯანსაღეში და იმაში, რომ ეს ყველაფერი იქნება შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნია“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ დააკავა. მას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.