"ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა ბადრი ჯაფარიძეს რვა თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო სხდომა. საფუძველი პარლამენტში მოქმედ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა გახდა.
მაქსიმალური სასჯელი ერთი წელი იყო, მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმასაც.
დაცვის მხარის განცხადებით, ეს პოლიტიკური დევნაა. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
დაცვის მხარის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, აღნიშნულს საქმეს არ გააჩნია სამართლებრივი მდგენელი.
"ამ საქმეს არ აქვს სამართლებრივი მდგენელი. არ არსებობს კომისიის კანონიერი მოთხოვნა, რაც დადასტურდა სასამართლოზე. წერილი ვერ ჩაითვლება კომისიის კანონიერ მოთხოვნად და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, არ არსებობს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ბადრი ჯაფარიძეს, თუნდაც ეს წერილი ჩაბარდა", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
პროკურორის, მარიამ მეშველიანის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის ცნობილი იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მათ ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე, უარი განაცხადეს და არ გამოცხადდნენ სხდომაზე.
"მსგავს საქმეებში, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვ მიღმა სტანდარტით, დადასტურდა, რომ ბრალდებულთათვის ცნობილი იყო, თუ რის საფუძველზე და რატომ იბარებდნენ მათ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, როდის უნდა მისულიყვნენ დროებით საგამოძიებო სხდომაზე.
გარდა ამისა, მათთვის ცნობილი იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მათ ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე, უარი განაცხადეს და არ გამოცხადდნენ სხდომაზე. არსებული პრაქტიკით გირაოს გადახდა არ გამორიცხავს იმას, რომ შემდგომში, ბრალდებულების მიმართ გამოყენებული იქნას თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა მარიამ მიშველიანმა.