10 აგვისტო 2026,   01:23
ვრცლად
მას [გიორგი ვაშაძეს] განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს სასჯელი იყო რელევანტური ბრალდების მიერ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებით - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. პატიმრობასთან ერთად, ვაშაძეს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. პროცესი დილის 10:00 საათზე დაიწყო. დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ. სიტყვის უფლებით უნდა ესარგებლა თავად ვაშაძეს, თუმცა ის სხდომას არ დასწრებია. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს ბრალი 349-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

მანამდე, დაცვის მხარემ ისარგებლა დასკვნითი სიტყვით - ადვოკატი ბექა ბასილაია ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესი გადადებულიყო, ვინაიდან გიორგი ვაშაძეს სურვილი ჰქონდა, რომ საბოლოო სიტყვით ესარგებლა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, გავიდა სათათბიროდ და ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიორგი ვაშაძე საპატიმროში 7 თვის ვადით დარჩება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ის პოლიტიკურ თანამდებობას ვერ დაიკავებს.

თავად ვაშაძე ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში არ ისმენდა. ადგილზე იმყოფებოდა ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ხოლო თავად გიორგი ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება საკუთარი პარტიის ოფისში მოისმინა. ოპოზიციონერს ახლა უკვე სარეზოლუციო ნაწილი უნდა ჩაბარდეს ოპოზიციონერ ლიდერს და ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები როდესაც გადაწყვეტილებას უშუალოდ გიორგი ვაშაძეს გააცნობენ, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

"სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი გამოკვლეული მტკიცებულებები და ბრალდებული გიორგი ვაშაძე ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. რაც შეეხება სასჯელს, მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე მოელოდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას, ვინაიდან საქმეში არსებობდნენ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. რაც შეეხება გამოყენებულ სასჯელს, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით მითითება არ გაუკეთებია სასამართლოსთვის, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს სასჯელი იყო რელევანტური ბრალდების მიერ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებით", - აცხადებს პროკურორი მარიამ მეშველიანი.

დღის ამბები