24 ივნისი 2026,   06:09
ვრცლად
პროკურატურამ, საბა ჯიქიას საქმეზე, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ს.ჯ. თავს დაესხა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ფეხი დაარტყა ძირს დავარდნილ პოლიციელს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები