500-მდე სერვისი ერთ სივრცეში - მალე, გლდანში იუსტიციის სახლის ახალი შენობა გაიხსნება. ფილიალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მოქალაქეებს ხიზანიშვილის 81 ნომერში მოემსახურება. პროექტის მიზანი მოქალაქეებისთვის სწრაფი და კომფორტული მომსახურების შეთავაზებაა.
თბილისის გარდა, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტში, ჭალაში, ტოლებსა და ახმეტაში. თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც. 2025-2026 წლებში იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. მომსახურებას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"ყველაფერი ერთ სივრცეში" - ეს იუსტიციის სახლის მთავარი კონცეფციაა. რაც მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით, მარტივი პროცედურებით, სწრაფი და მაღალი ხარისხით გულისხმობს. პირადობის მოწმობის გაცემა, ქორწინების და უძრავი ქონების რეგისტრაცია - ეს იმ მომსახურების მცირე ნაწილია, რასაც მოქალაქეები ერთ სივრცეში იღებენ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით 400-ზე მეტი სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც განხორციელდება.
იუსტიციის სახლს ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მოქალაქე მიმართავს. ფუნქციონირებს სატელეფონო ცენტრი, რომელიც კვირაში 7 დღე 24 საათი მუშაობს. წლებია იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ქორწინების სახლით მომსახურებასაც სთავაზობს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე,