თავისუფლება რომ მთავარია, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს საჯაროდ აღიარეს. 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე 7 პირი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ეს ის ყოფილი პატიმრები არიან, რომლებმაც წარდგენილი ბრალდება აღიარეს და ჩადენილი დანაშაული მოინანიეს. კითხვაზე, რატომ მიიღეს საპროცესო შეთანხმების გადაწყვეტილება, დარბაზიდან გათავისუფლებულებმა ასე უპასუხეს: "მშვიდობა და თავისუფლება ყველა პატიმარს".
ბრალდებულებმა საპატიმრო განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვეს. მოსამართლეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ კვირის ბოლოს უნდა გამოეცხადებინა. მას შემდეგ კი, რაც დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს, მათმა უფლებადამცველებმა საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურები შეათანხმეს.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას და დარბაზიდან გათავისუფლებას კიდევ 14 ბრალდებული ელოდება. სტრატეგიული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ხელში ჩაგდების, ბლოკირების მცდელობისა და ჯგუფური დანაშაულისთვის 64 პირია პასუხისგებაში მიცემული. ოფიციალური ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია 22-მა პირმა.
პროკურატურა მზადაა პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეუცვალოს იმ ბრალდებულებსაც, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გაიზრდება თუ არა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულების რაოდენობა, უახლოეს დღეებში გაირკვევა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს 8 პირის ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოეყო და საქმე სხვა მოსამართლეს დაეკისრა. რვავე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. კანონით დადგენილ ვადებში კი მათ საპროცესო შეთანხმებასაც გაუფორმებენ.
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება 3 წლით პირობით მსჯავრს ითვალისწინებს.