არქივის თითქმის ყველა კადრი ადასტურებს, რომ წლების წინ, ტრამვაი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ტრანსპორტი იყო, 2006 წელს კი მერიამ დარჩენილი ბოლო ხაზიც გააუქმა.
ტრამვაი თბილისის ქუჩებში მალე დაბრუნდება და, 35 წლის შემდეგ, დედაქალაქს ახალი სატრანსპორტო ხაზიც დაემატება. მარშრუტი დიდი დიღმიდან დაიწყება და, აღმაშენებლის ხეივნის გავლით, დიდუბის მეტროსთან დასრულდება.
ტრამვაის დაბრუნებას თბილის ქუჩებში მოსახლეობა დადებითად შეხვდა. გაიხსენეს ძველი ტრანსპორტი.
ახალი სატრანსპორტო პროექტის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალის მერმა დეტალებზე ისაუბრა. კახა კალაძემ ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ოფიციალურად გამოაცხადა.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ტრამვაის ხაზი 7,5 კილომეტრი იქნება და სულ 11 გაჩერება ექნება. ვაგონების ვიზუალი და შიდა სივრცე მგზავრებზე იქნება მორგებული და თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
სატრანსპორტო პროექტზე თბილისი მერია, სპეციალისტებთან ერთად, თვეების განმავლობაში მუშაობდა. გამტარუნარიანობა, ეკოლოგიური სისუფთავე და მგზავრობის დროის შემცირება - ეს ის ძირითად კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც მერიამ ტრამვაის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ტრამვაის დაბრუნების პროექტზე ტენდერის გამოცხადებამდე, თბილისის მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა. გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მონაცემებს სპეციალისტები თვეების განმავლობაში სწავლობდნენ.