07 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
სამგორის რაიონში 3 კილომეტრი სიგრძის, მიხეილ გახოკიძის ქუჩა, საავტომობილო მოძრაობისთვის გახსნილია - შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა

რეაბილიტაციის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში, ამჯერად სამგორის რაიონში. 3 კილომეტრი სიგრძის მიხეილ გახოკიძის ქუჩა საავტომობილო მოძრაობისთვის გახსნილია.

რეაბილიტაციის პროცესში გზის საფარის გარდა, სრულად განახლდა წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელები, მოსახლეობასთან შეთანხმებით მოხდა ავტოფარეხების დემონტაჟი, მათ ნაცვლად კი მწვანე სივრცეები გაკეთდა. სამგორის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტს 24 მილიონი ლარი დაუჯდა.

სამგორის რაიონის მცხოვრებლები უკვე დასრულებულ პროექტზე საუბრობენ, იხსენებენ იმ პრობლემებსაც, რასაც წლების განმავლობაში ამორტიზებული გზა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა ქმნიდა. განახლებული გახოკიძის ქუჩა ადგილობრივებისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის.

სამგორის რაიონში სამუშაოები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სრულად მოწესრიგდა სამკილომეტრიანი საავტომობილო გზა. დაიხაზა ზებრა გადასასვლელები და ქვეითებისთვის მოეწყო ტროტუარები. მოძველებული საკომუნიკაციო სისტემები კი ახალმა ჩაანაცვლა. შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა დღეს დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონის მცხოვრებლებისთვის სამ ჰექტარზე გაშენებული პარკი მოეწყობა. გამწვანებითი სამუშაოები სრულად რამდენიმე თვეში დასრულდება.

 

დღის ამბები